კალაძე – უგულავასთან დაკავშირებულ განცხადებაზე: "ეს ჩემი შეცდომა იყო"
10/02/2020 20:28:05 პოლიტიკა
დედაქალაქის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთ ლიდერ, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით არასწორი განცხადება გააკეთა. საუბარია 50 მილიონის საქმეზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გიგი გიგი უგულავა უარყოფს კალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან ხელი მოაწერა 50 მილიონის მოპარვას, კახა კალაძემ განაცხადა:
“ეს ჩემი შეცდომა იყო. მე გავაკეთე არასწორი განმარტება ამასთან დაკავშირებით”.
მისივე თქმით, დღეს "ქართული ოცნების" დელეგაცია სტრასბურგშო მიემგზავრება და მათ შორის უგულავას საქმეზეც ისაუბრებს.
“დღეს ჩვნ მივემგზავრებით სტრასბურგში, სადაც მოხდება ინფორმირება სხვადასხვა ჯგუფების, თუ რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს. შევხვდებით ევროპარლამენტარებს და მათთან გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საქმეზეც ვისაუბრებთ” – განაცხადა თბილისის მერმა.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.
უგულავა თავად გამოცხადდა შს სამინისტროში და მას რამდენიმე წუთში ე.წ. მატროსოვის ციხეზე გადაიყვანენ.


