აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: "ოპოზიციის დევნა მიუღებელია"
11/02/2020 06:01:31 პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში ოპოზიციიური პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციის დევნა მიუღებელია.
„იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს განვუცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”, – წერს სენატორი "ტვიტერში" პირად გვერდზე.
ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.


