რუსეთმა აფხაზეთის ანექსიისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა: სოხუმმა მოსკოვს საზოგადოებრივი პროტესტის საგნად ქცეულ ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებაზე ხელი მოუწერა

30-10-2024 15:12:16 კონფლიქტები

სანამ საქართველოს მმართველი პარტია ცდილობს, დაგვარწმუნოს, თითქოს პუტინის ცნობილი სატელიტის - მადუროს მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარება ვენესუელის მხრიდან კრემლის კარნახით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილების უკან გაწვევის მიმართულებით "პირველი წარმატებაა", მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მფარველი რუსეთი მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ მორიგ ნაბიჯს დგამს: სოხუმმა მოსკოვს საზოგადოებრივი პროტესტის საგნად ქცეულ ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებაზე ხელი მოუწერა.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ოფიციალური ფორმულირების თანახმად, შეთანხმება "განსაზღვრას მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს, ადგენს აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირთა მხარდაჭერის ნორმებს". თუმცა შეთანხმების გაფორმების მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ მისი რეალიზება "რუსული ოლიგარქატის ექსპანსიას" ემსახურება და მოკლე დროში აფხაზეთს მის "საკუთრებად" გადააქცევს.

აფხაზური საზოგადოების, ოპოზიციის, საექსპერტო წრეების მრავალთვიანი პროტესტი მიუხედავად, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა მოსკოვს ხელი მოუწერა ამ დოკუმენტზე, რომლის მრავალთვიანი ბლოკირების დასაძლევად რუსეთმა ამასწინათ პირდაპირ შანტაჟსაც კი მიჰყო ხელი, ოკუპირებულ რეგიონს 1 სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყვიტა და ზამთრის მოახლოებულ სეზონზე მისაწოდებელ ელექტროენერგიაზე შეღავათების გაუქმებითაც დაემუქრა.

ახლა, სოხუმის მიერ მოსკოვის ფაქტობრივი ულტიმატუმის პირობის შესრულების შემდეგ რუსული მხარე ირწმუნება, რომ „შეთანხმება საშუალებას იძლევა რესპუბლიკის ეკონომიკაში დამატებითი რუსული ინვესტიციების მოსაზიდად და ამით ხელს შეუწყობს აფხაზური სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების და დასვენების მიმართულების განვითარებას". მოსკოვის მტკიცებით, დოკუმენტი "მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისი განხორციელება ითვალისწინებს ადგილობრივი დამხმარე ინფრასტრუქტურის - გაზმომარაგების, წყალმომარაგების, გათბობის, ტრანსპორტის, სოციალური და ციფრული ინფრასტრუქტურების განვითარებას".

თავის მხრივ, კრისტინა ოზგანი ირწმუნება, რომ რუსული ინვესტიციები საკვანძო როლს ითამაშებს აფხაზეთის ეკონომიკურ სტაბილურობაში და ხაზს უსვამს, რომ სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება "თვისობრივად ახალ მიდგომას დემონსტრირებს - ამცირებს რა სახელმწიფო ინვესტიციების დონესა და ზრდის რა კერძო ინვესტიციებისას".

"ეს არის ხარისხობრივი ცვლილებები, რომელთაც ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი შეთანხმებაც, ვინაიდან საუბარია ძალიან დიდ ინვესტიციებზე, მსგავსი საინვესტიციო პროექტები კი ძირეულად შეცვლის რესპუბლიკაში დასაქმების მთლიან სურათს“, - განაცხადა ოზგანმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.

ცნობისთვის: დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ რატიფიცირებაა საჭირო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები