პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე 2 პირი დააკავა

31-10-2024 10:53:21 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს. ერთ-ერთი სავარაუდოდ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვია. 30 ოქტომბერს ცნობილი გახდა მისი გამოკითხვაზე დაბარების შესახებ. ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სადახლოს N69 უბანზე როვშან იკანდაროვმა რამდენიმე ბიულეტენი ერთდროულად ჩაყარა საარჩევნო ყუთში. ფაქტის კადრებზე ასახვა მოასწრო დამკვირვებელმა, რის გამოც შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს",- იტყობინება შსს.

მანამდე ისკანდაროვი ამტკიცებდა, რომ მისი მიზანი არჩევნების გაყალბება არ ყოფილა და რომ "ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს":

"მინდა სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას!ეს გახლავთ ცილისწამება,თითქოს მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით,საარჩევნო უბანზე,ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში!რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.ფაქტი კი იყო შემდეგი :როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი,მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს. ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და "ქართული ოცნების" პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტინის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტინები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია. მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტინები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია."

ახალი ამბები

სხვა სიახლეები