გოგოლაშვილი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ნება არსებობს, თუმცა საუბარია მიზანშეწონილობაზე, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება ამ დღეებში საქართველოში

31-10-2024 15:56:20 პოლიტიკა ,კომენტარი

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება უახლოეს დღეებში საქართველოში.

„ძალიან რთულია, იწინასწარმეტყველო, რა მოხდება 7 ნოემბერს, როდესაც კვლავ გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა. ინსტრუმენტი ხელთ აქვთ - რატომ არის საუბარი ვიზალიბერალიზაციაზე და დახმარების საკითხზე (დახმარების პაკეტების, რომლებიც პრაქტიკულად შეჩერებულია, კიდევ ერთხელ დამტკიცებაზე)? იმიტომ, რომ სხვა სახის გადაწყვეტილებებს, მაგალითად, პერსონალურ სანქციებს, სჭირდება 27-ვე ქვეყნის ერთიანობა, რომელიც, ვიცით, რომ არ არის. ამიტომ, უვიზო მიმოსვლა არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც ყველაზე მარტივად და ეფექტიანად აამოქმედებენ ნახევარი წევრი ქვეყნებისა, თუ ამას მოინდომებენ",- ამბობს გოგოლაშვილი და ხაზს უსვამს, რომ ამის ნება უკვე არსებობს, თუმცა საუბარია იმაზე, რამდენად ჩათვლიან ისინი პოლიტიკურად მიზანშეწონილად განხორციელებას.

"მიზანშეწონილობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ხდება ამ დღეებში საქართველოში. სწორედ ამიტომ ვერ ვპროგნოზირებთ ჩვენც. არ ვიცით როგორ მოიქცევა ხელისუფლება, როგორ გაიხსნება მტკიცებულებების პროცესი, რამდენად კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია თავის მოთხოვნებში, საერთაშორისო თანამეგობრობა რა ხარისხით ჩაერთვება ამ პროცესში, დაიწყება თუ არა რეალური გამოძიება. არავის უნდა (პარტნიორებს ვგულისხმობ) საქართველოში საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ეს ყოველთვის მტკივნეულია - ქვეყნის მიმართ მსგავსი პროცესის დაწყება დაკავშირებულია დიპლომატიურ უხერხულობებთან, სირთულეებთან, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის პრესტიჟის დაცემაა, მაგრამ შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი ნაბიჯი, დადგინდეს ჭეშმარიტება. მაგრამ მოუნდება თუ არა ხელისუფლებას ჭეშმარიტების დადგენა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორ წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს, რა ფორმით - ეს ყველაფერი გადაწყვეტს, როგორი იქნება ევროკავშირის შემდგომი ნაბიჯები“,- დარწმუნებულია გოგოლაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები