„არა, ბატონო ნიკოლოზ, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის" -  ნიდერლანდების ელჩი სამხარაძეს პასუხობს

31-10-2024 17:48:11 პოლიტიკა

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მელინ არაკელიანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას პასუხობს.

„არა, ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული“, - წერს ნიდერლანდების ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მანამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ X-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი.

„მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, - დაწერა სამხარაძემ.

გაფართოების შესახებ ანგარიში: თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ გასცემს რეკომენდაციას, განიხილონ მოლაპარაკებების დაწყება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები