31-10-2024 17:53:50 პოლიტიკა
„მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: შვედეთი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს.
"საქართველოში მოვლენათა განვითარება უკვე დიდი ხანია, იწვევდა შეშფოთებას, ხოლო დარღვევებმა, რომელთა შესახებაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, ეს საბოლოოდ დაადასტურეს", –განაცხადა 29 ოქტომბერს განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის მიზნით თანამშრომლობის საკითხთა მინისტრმა ბენჟამინ დოუსმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.