
ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ
01/11/2024 08:20:05 სამართალი
მარნეულის სასამართლოში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე დაკავებული როვშან ისკანდაროვისა და ეთიბარ ისკანდაროვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გამოდის.
ადვოკატი 50 000 - 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
"ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. [...] ის კადრები, რაც ჩანს, გარკვეულწილად, საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ამ საკითხს წინ კიდევ რაღაც საკითხები უძღვოდა" - ამბიბს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, სოფელ სადახლოში მდებარე #69 უბანზე, არჩევნების გაყალბების მცდელობისათვის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი და კიდევ ერთი პირი 31 ოქტომბერს დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ი. და 1990 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულებმა, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს №69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,სამართალდამცველებმა რ.ი. და ე.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” - აღნიშნულია განცხადებაში.