მაიკლ გალერი: "საქართველოდან სამწუხარო ამბები მოდის"

11-02-2020 22:37:38 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი სოციალური ქსელით "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ოპოზიციის ლიდერებზე აღძრული საქმეების პარალელურად, ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის".

"საქართველოდან სამწუხარო ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა ისევ ციხეშია. ჩვენ გვესმის სხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც. ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. საფრთხეში აგდებს კონსენსუსს საარჩევნო რეფორმის შესახებ", - წერს მაიკლ გალერი "ტვიტერში".

ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები