04-11-2024 12:32:02 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობათა კომპლექსის წინ უცნობმა პირებმა წითელი საღებავით საპროტესტო წარწერები დატოვეს, მათ შორის - "ერის მოღალატეები".
ვარაუდობენ, რომ მომხდარი უკავშირდება რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობის შესახებ, რომელიც უცხოელი (უმთავრესად, ცხადია, რუსი ინვესტორებისთვის) უპრეცედენტო შეღავათებს ითვალისწინებს.
დოკუმენტს, რომლის ხელმოწერას რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა და აფხაზური მხარის დაუფარავ შანტაჟსაც კი არ მოერიდა 1 სექტემბრიდან ოკუპირებული რეგიონის დაფინანსების შეწყვეტითა და ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიის მიწოდების ჩვეული საშეღავათო პირობების გაუქმების მუქარის სახით, ცოტა ხნის წინ მოსკოვში მოეწერა ხელი. ახლა იგი აფხაზური "პარლამენტის" რატიფიცირებას ელის.
რუსეთის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს აფხაზური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები თვეობით აპროტესტებდნენ. მათი აზრით, მოსკოვი აფხაზეთის რუსული ოლიგარქატის საკუთრებად გადაქცევას გეგმავს.