„უგულავა პირველად რომ დააკავეს, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მას დღეს ჩაგრავენ“

11-02-2020 23:24:18 პოლიტიკა

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაგრავს.

„ცხოვრებაში არავისთან ვყოფილვარ ისე დაპირისპირებული, როგორც უგულავასთან. მისი მერობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები დღემდე ვერ მომინელებია: გუდიაშვილის მოდანი, მირზაშაფის ქუჩა და სხვა. ოპოზიციაში რომ იყო, გამარჯობას არ ვეუბნებოდი, მაგრამ მას დღეს ჩაგრავენ, უსამართლოდ ექცევიან და ის დღეს რეალურადაა პოლიტპატიმარი. პოლიტიკა ადამიანობას უნდა ეფუძნებოდეს. ეს კი მკარნახობს, რომ თუ კაცს ჩაგრავენ, ვინც არ უნდა იყოს ის, გვერდზე უნდა დაუდგე. მას დღეს ივანიშვილი ჩაგრავს. უგულავა პირველად რომ დააკავეს, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მესამედ, ერთი და იგივე საქმეზე ადამიანის ციხეში ჩასმა მავნებობა, ბოროტება და უსამართლობაა. მოისმენთ კომენტარს, „ბიუჯეტს, ხალხს მოპარაო“. გავიხსენოთ ბოლ ამბავი – ყალბი ანგარიშფაქტურების: 500 მილიონია მოპარული და კვალი პირდაპირ მიდის ფარცხალაძესთან [საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე], ვინმემ შეიბერტყა ყური? იგივე ნინო წილოსანის [პარლამენტის წევრი] მამა და ქმარი – „ქართულმა ოცნებამ არ აღძრა საქმე 65 მილიონის მითვისებაზე? ვის მოპარეს ეს ფული? მე და თქვენ. უგულავა დღეს ჩვენს შესაშინებლადაა დაჭერილი და არა ფილის მოპარვის გამო“,– განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები