სადავო არჩევნების საერთაშორისო გამოძიების გზები

05-11-2024 18:09:58 პოლიტიკა ,ეს საინტერესოა ,ინტერვიუ

ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც არ აღიარებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და უნდობლობას უცხადებენ გაყალბების ბრალდებების თაობაზე ეროვნულ დონეზე დაწყებულ საგამოძიებო პროცესს, მათ შორის, საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო განმარტება ამ მექანიზმის შესახებ. ამ კონტექსტში მაგალითად, „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ თქვა, რომ "საერთაშორისო გამოძიება ევროკავშირისგან არის ყველაზე ლოგიკური": "ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირი აქ ჩართულია. გარდა ამისა, ევროკავშირს, ჩვენს მიმართ გარკვეულწილად პასუხისმგებლობა აქვს აღებული".

„აქცენტი“ ესაუბრა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს, რომლებიც ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობენ და როგორც ისინი გვეუნბენიან, ამ დროისთვის არ არსებობს კონკრეტული ორგანო, რომელიც სპეცილიზდება მსგავს საკითხებზე და რომ პირველ ეტაპზე თავად მექანიზმია შესაქმნელი. მათი ხედვით, ეს შეიძლება იყოს მსგავსი საგამოძიებო კომისიისა, რომელიც მაგალითად, „ხორავას ქუჩის“ ფართოდ ცნობილი საქმის ირგვლივ შეიქმნა საქართველოს პარლამენტში, იმ განსხვავებით, რომ დაკომპლექტდება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებით - სპეციალისტებით და ექნება მაღალი სანდოობა. ისინი ხაზს უსვამენ კომისიასთან ქვეყნის ხელისუფლების თანამშრომლობის აუცილებლობას - კომისია უფლებამოსილი უნდა იყოს, კონკრეტული უწყებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, აწარმოოს გამოკითხვები, შეისწავლოს მასალა, საბოლოო ჯამში კი დადებს სანდო დასკვნას. ცხადია, ეს იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, თუმცა რაც მთავარია, საზოგადოებას გასცემს პასუხს ძირითად კითხვაზე, „რა მოხდა?“. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, პროცესი იქნება ხანგრძლივი, თუმცა, მღელვარების, ღრმა პოლარიზაციის პირობებში ეს შესაძლოა, ოპტიმალური გამოსავალი იყოს.

დაახლოებით მსგავსი გამოცდილება საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა საქართველოს უკვე აქვს - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „აქცენტთან“ კონკრეტულ პრეცედენტებს იხსენებს:

„როდესაც მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო დაკვირვებას საჭიროებს, ხშირად მსგავსი კომისიები პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე იქმნება. მაგალითად, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო 2008 წლის ომის დაწყების და შემდეგომი მოქმედებების გამოძიება საერთაშორისო სამართლებრივ-ჰუმანიტალური კუთხით და ა.შ. ფაქტობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს - საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელსაც მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდა ამ კონტექსტში (ამ შემთხვევაში ეუთო იყო), ეგიდით შექმნილიყო საერთაშორისო საგამოძიებო კომისია და ეს იყო ე.წ. ტალიავინის კომისია. ამდენად, პრეცედენტები არსებობს. მაგრამ რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ან მთავრობა თავად ითხოვს საერთაშორისო აქტორების ჩართულობას, იწვევს მათ, რათა უფრო დამაჯერებელი იყოს შედეგები ან ადგილი აქვს მნიშვნელოვან კონფლიქტს ქვეყნის შიგნით, ნდობა არც ერთ ოფიციალირ სტრუქტურას არ გააჩნია, რომ მან გამოიძიოს და შედეგებს ენდოს საერთაშორისო თანამეგობრობა. მსგავს ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობა თავად იღებს გადაწყვეტილებას და ასეთი პრეცედენტებიც არსებობს, მაგალითად, აფრიკაში“.

მაგრამ ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება მიიღწეს მსგავსი მექანიზმის შექმნის აუცილებლობის დღის წესრიგში გაჩენა იმგვარად რომ, ერთის მხრივ, საერთაშორისო საზოგადოება იყოს დაინტერესებული მისი შექმნით, მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამაც აღიაროს, რომ არც თუ ეფექტურად წარმართავს დემოკრატიულ პროცესს და დასთანხმდეს თანამშრომლობაზე? ამ კონტექსტში გოგოლაშვილი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ამ ეტაპზე შიდა სამართლებრივი ინსტრუმენტები სრულად ამოწურული არაა და საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც განიხილოს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებული საჩივრები, რომლებიც ამჟამად ევროვნულ სასამართლოებშია:

„შესაძლოა, სტრასბურგმა ჩათვალოს, რომ არაა საკმარისი მასალა, იკვეთება მნიშვნელოვანი დარღვევების ნიშნები და დაადგონოს, რომ ამ საკითხების ირგვლივ საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, მთავრობას მოსთხოვონ, დაუშვან მისია, რომელსაც შექმნის ევროკავშირი, თავადვე დააფინანსებს. მისია [საკითხის შესწავლის შემდეგ] გასცემს სარეკომენდაციო ხასიათის, მაგრამ ავტორიტეტულ რეკომენდაციებს“.

  • ანალიტიკოსს აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება ქვეყანაში საერთაშორისო მისიის დაშვებას, თუ თავად ჩათვლის, რომ ვითარება მისთვისვეა კრიტიკული. ამ დროისთვის სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მსგავსი ნების გამოვლინება მას რთულად წარმოუდგენია. ამიტომ, ის თვლის, რომ ყველა ძალისხმევა, მათ შორის პროტესტიც, სწორედ რომ მტკიცებულებების მოპოვებისკენ უნდა იყოს მიმართული:

„გასაგებია, რომ დაირღვა ფარულობა - ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, მაგრამ ასევე უნდა აიძულონ [ცესკო], საჯარო გახადონ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ჩეკები“. ამ თვალსაზრისით ის მართებულად მიიჩნევს პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნებს ბაზის ნეიტრალური პლატფორმისთვის გადაცემის თაობაზე, რათა გადამოწმდეს, „მივიდა თუ არა 2 მილიონი ადამიანი ფიზიკურად სააერჩევნო უაბნზე, თუ გააყალბეს ხელმოწერები.

„ამ მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია. მაგალითად, ცაგერში 5 000 ამომრჩეველია და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 7 000-მდე ამომრჩეველმა. ხელისუფლება ამომბს, რომ 5 000 ამომრჩეველი კი არის, მაგრამ ამას დაემატა ის ხალხი, ვინც საზღვარგარეთ იყო და სპეციალურად ხმის მისაცემად ჩამოვიდაო. ანუ, მუნიმუმ 2 000 ადამიანი ჩამოსულა. ამ 5 000-დან ხომ ყველა არ მისცემდა ხმას? დავუშვათ 3 000 მივიდა საარჩევნო უბანზე. გამოდის, რომ კიდევ 3 500 ან 4000 ადამიანი ცაგერში სპეციალურად ჩასულა, რომ ხმა მიეცა. მათ შორის ბევრი შეიძლება უცხოეთში მუშაობს, ნაწილი არალეგალურადაც. ამდენად ეს ხომ ძალიან არარეალისტური ციფრია?! მე მაგალითად, გამოვლიკვლევდი, იმ დღეს დამატებით 3 000 ადამიანი რეალურად ჩავიდა ცაგერში? ვინმემ შეამჩნია ამხელა ნაკადი? თუ გახსნიან რეგისტრაციის ჩეკებს, ამის გადამოწმება შესაძლებელია და ეს დასადგენია. ამას შემდეგ ემატება სხვა სახის გაყალბებები, როგორიცაა ფულის გადახდა, ასევე, როდესაც ოჯახის ერთ წევრს მიაქვს ოჯახის დანარჩენი წევრების პირადობის მოწმობები და ა.შ.“

საბოლოო ჯამში, მისი რწმენით, ამგვარი მტკიცებულებები იძლევა სურათის შექმნის შესაძლებლობას და თვლის, რომ სწორედ ამ მიმართულებით სვლაა მართებული და არა დესტაბილიზაციის. ხოლო თუ ხელისუფლება არ თანხმდება საფუძვლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამას უნდა მიემართოს პროტესტი და საერთაშორისო ჩართულობის მოთხოვნა.

„თუ მტკიცებულება იმიტომ არ გავქვს, რომ წვდომას არ გაძლევენ, ჩამოაყალიბებ დამაჯერებელ ვერსიას იმის თაობაზე, რომ უარგუმენტოდ არ გვაძლევენ წვდომას, რადგან დიდი ალბათობით, სწორედ იქაა „ძაღლის თავი“. მოსახლდობა ამაში უნდა დაარწმუნო და ამაზე უნდა აგორდეს პროტესტი.

ეს იძლევა საპროტესტო რესურსს: სად, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „არჩევნები გააყალბეს“ და სად, როდესაც ეს ადამიანებისთვის ხილულია და მოუწოდებს, „დავიცვათ ხმები“. მიზანი უნდა იყოს საფუძვლიანად გამართლებული და მიღწევადი“.

ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში, მათ შორის მასშტაბური გაყალბების ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებზე იქნება დამოკიდებული საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია არჩევნების შედეგების აღიარება -არაღიარების თვალსაზრისით და არა ევროინტეგრაციის კუთხით, რადგან არსებული პოლიტიკის პირობებში ამ მიმართულებით წინსვლის პერსპექტივას ვერ ხედავს. „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე მიულოცეს მხოლოდ უნგრეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ჩინეთმა, თურქეთმა და ირანმა.

„უნდა გქონდეს მტკიცებულებები, ან მტკიცებულება იმისა, რომ მტკიცებულებებს გიმალავენ. ეჭვზე მაღლა ყოველთვის დგას უდანაშაულობის პრეზუმფცია - ასე მუშაობს დემოკრატია“,- დასძენს გოგოლაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები