
EEAS: "უგულავას ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური დიალოგის წინსვლას ხელს არ უწყობს"
12/02/2020 07:58:33 საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახური (EEAS) "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური დიალოგის წინსვლას ხელს არ უწყობს".
“ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის გიგი უგულავას საქმეს. განვითარებული მოვლენები ხელს არ უწყობს იმ პოლიტიკური დიალოგის წინსვლას, რომლის მიზანია, საქართველოში პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციას შეუწყოს ხელი. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ვადებულებაა, საქართველომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტები დაიცვას, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა უზრუნველჰყოს. ევროკავშირი განაგრძობს სხვა გახმაურებული სასამართლო პროცესების მონიტორინგსაც” - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.