საია სააპელაციო სასამართლოში ხმის მთვლელ აპარატზე ხელახალი ექსპერიმენტის ჩატარებას არ ეთანხმება

06-11-2024 19:50:16 სამართალი

თბილისის სააპელაციოში საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა გრძელდება. ამ წუთებში, მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, საია სააპელაციო სასამართლოში ხმის მთვლელ აპარატზე ხელახალი ექსპერიმენტის ჩატარებას არ ეთანხმება.

მისი ცნობით, ორგანიზაციის თამჯდომარემ ნონა ქუროდოვანიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კოსმიის წარმომადგენლებს ასე მიმართა:

"ჩვენ არ ვეთანხმებით ელექტრონულ ხმის მთვლელ აპარატზე ჩატარებული ექსპერიმენტის ამორიცხვას ან/და ხელახლა ჩატარების შუამდგომლობას, რადგან ეს ექსპერიმენტი ჩატარდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც თქვენი კოლეგები ესწრებოდნენ. ყველა დაეთანხმა, რომ ექსპერიმენტი სწორად ჩატარდა. მათ შორის არსებობს ვიდეო, სადაც ისმის, რომ თქვენ ეთანხმებით, რომ ექსპერიმენტი სწორადაა ჩატარებული. რა საფუძვლით უნდა მოხდეს მისი ამორიცხვა? გაუგებარია. ეს არის პირველი ინსტანციის საქმის შემადგენელი ნაწილი და მისი ამორიცხვის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება ხელახლა ჩატარებას: როდესაც თქვენ აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენს მიერ მოტანილი აპარატის, თქვენს მიერ მოტანილი ჩარჩო-კონვერტისა და თქვენს მიერ მოტანილი ფლომასტრის გამოყენებით ჩატარებულ ექსპერიმენტს, ახლა, როდესაც უკვე იცით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ამ ექსპერიმენტისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გაბათილდა ოლქები, ჩვენ აღარ გვაქვს ნდობა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი აპარატი, ან ფლომასტერი, ან ფურცელი იქნება იმავე ხარისხის, რაც რეალურად იქნა გამოყენებული არჩევნების დღეს. აუხსნელია, რატომ უნდა ჩატარდეს ერთი და იგივე ექსპერიმენტი ერთსა და იმავე საქმეზე, მაშინ, როდესაც ეს ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა და საქმეში მტკიცებულების სახითაც დევს.

გარდა ამისა, გაუგებარია, რის საფუძველზე აყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლომ ამორიცხოს ის ბიულეტენები, რომლებიც ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შესაბამისი უბნებიდან, და ეს ბიულეტენებიც დათვალიერდა ადგილზე. დათვალიერების შედეგად კი გამოჩნდა, რომ ყველგან არის დარჩენილი (მარკერის) კვალი. ამ ამორიცხვის საფუძველი რა არის? გაუგებარია. ეს არის გარემოება, რომელიც დადასტურებულია. ამიტომ, ჩვენ სხვა ოლქებთან მიმართებითაც ანალოგიური შუამდგომლობა გვაქვს”.

4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.

ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით, სასამართლომ დააადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:

"სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი".

დღევანდელ სხდომაზე განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომელიც შეეხება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საარჩევნო ადმინისტრაცია დღევანდელ სააპელაციო სხდომაზე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები