რატომ გადაწყვიტა ცხინვალმა ქართული პროდუქციის სანქცირება

12-02-2020 14:44:53 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში აფთიაქებიდან ქართული მედიკამენტების ამოღება დაიწყეს. როგორც დე ფაქტო შსს–ს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები განმარტავენ, თავის ქმედებაში ისინი დე ფაქტო მთავრობის დადგენილებას ეყრდნობიან, რომელიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული წარმოების პროდუქციის გაყიდვას" კრძალავს.

ვერსიები იმასთან დაკავშირებით, რით იყო მოტივირებული თავის დროზე დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული ეს დადგენილება, მრავალი არსებობს. ერთ–ერთი მათგანი მისი მმართველობის პერიოდში ლეონიდ თიბილოვმა გააჟღერა: „მტრული სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებას ხელს არ შევუწყობთო“.

„დაპირისპირებული მხარის პოზიცია აქ გასაგებია, მაგრამ ლოგიკა არ ჩანს, რადგან ოსური ბაზარი მეტისმეტად მცირეა საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მოსახდენად. მაშ რაში შეიძლება, მდგომარეობდეს მიზანი, ვის წინააღმდეგ შეიძლება, იყოს ეს გადაწყვეტილება მიმართული და ვის ინტერესებს შეიძლება, იცავდეს? თიბილოვის დროს მაღაზიებიდან ქართულ „ბორჯომსა" და ღვინოებს იღებდნენ და შეიძლებოდა, გვევარაუდა, რომ ამით იცავდნენ ოსი მეღვინეებისა და მინერალური წყლის მწარმოებელების ინტერესებს. მაგრამ ფარმაკოლოგიური პროდუქციის შემთხვევაში რა ხდება – სრულიად გაუგებარია, ვინაიდან საკუთარი ფარმაკოლოგიური საწარმოები სამხრეთ ოსეთს არ გააჩნია, ისევე, როგორც ფარმაკოლოგიური პროდუქციის კონტროლის მექანიზმი, რომელიც, დიდი ალბათობით, არც უახლოეს მომავალში ექნება“, – წერს ამასთან დაკავშირებით „ეხო კავკაზას“ ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ცხინვალის არაერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ მედიკოსები მათ ხშირად სწორედ ქართული პრეპარატების შეძენას ურჩევენ და მის უკეთეს ხარისხზე მიუთითებენ. თავად მედიკოსები კი, როგორც გუკემუხოვი აღნიშნავს, ამბობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული პრეპარატების წილი 20%–ს შეადგენს და არავითარი ფორმალური აკრძალვები ამ სიტუაციაზე არ აისახება: "სანამ "რაზდახანის" [ოსური სახელწოდება] გამშვები პუნქტი ღია იყო, ქართული პრეპარატები ლენინგორის [ახალგორის] რაიონის გავლით შემოჰქონდათ, ხოლო საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ – ჩრდილოეთ ოსეთის გავლით".

„შესაძლოა, გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში „სინაგურის" [ოსური სახელწოდება] გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ ქართული სამედიცინო პრეპარატების ტრაფიკი უფრო ინტენსიური გახდა და სანქციებიც ამას მოჰყვა. სხვათა შორის, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს შსს–ს თანამშრომლებმა სავაჭრო წერტილებიდან ქართული მინერალური წყლისა და ალკოჰოლური პროდუქციის ამოღებაც დაიწყეს. თუმცა მათგან განსხვავებით, წამლები მხოლოდ სავაჭრო წერტილების გავლით არ რეალიზდება, – დილერებს გასაღების საკუთარი ქსელები აქვთ და ამბობენ, რომმაგალითად, კუჭ–ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტები რუსულ პრეპარატებს ქართულ „ომეზს“ ამჯობინებენ. [...] ამგვარად, არა მგონია, ეს საუკეთესო სფერო იყოს სახელმწიფოს უფლებამოსილების დემონსტრირებისთვის, რადგან სწორედ ამ სფეროში ცხინვალი მის დემონსტრირებას ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახდენს. ალბათ, სწორედ ამაშია შეზღუდული სტატუსისა და მცირე სახელმწიფოს ერთ–ერთი პრივილეგია – იცხოვრო საღ აზრსა და სარგებლის შესახებ ცხოვრებისეულ წარმოდგენაზე დაყრდნობით“, – დასძენს გუკემუხოვი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები