
"ჩემი ხმა" ზეწოლად აფასებს სამოქალაქო მოძრაობის საპროტესტო ბანერის გამო დაჯარიმებას
07/11/2024 20:01:49 პოლიტიკა, საზოგადოება
სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ჩემი ხმა" „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” საპროტესტო ბანერის გამოკვრის გამო დაჯარიმებას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის მცდელობად აფასებს.
ორგანიზაციამ ოფისის აივანზე 4 ნოემბერს განათავსა საპროტესტო ტრანსპარანტი წარწერით, „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა”. 5 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 1500 ლარით, ხოლო 7 ნოემბერს - 3000 ლარით დააჯარიმა, „არასათანადო რეკლამის განთავსების” გამო.
“სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წევრთა პროკურატურაში დაბარების შემდგომ, ხელისუფლება ზეწოლის მცდელობებს განაგრძობს. ოზურგეთში ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” უკანონო დაჯარიმება ამ მცდელობის ნაწილია",- აცხადებენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” გურიაში მცხოვრები ადამიანების დახმარებასა და უფლებების დაცვას ემსახურება. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისას, მათ ათობით საარჩევნო დარღვევაც დააფიქსირეს".
"აშკარაა, რომ ხელისუფლება ამ უკანონო და უსამართლო მეთოდებით თავისუფალი აზრის ჩახშობას ცდილობს. ამის მიუხედავად, კოალიციის წევრი ყველა ორგანიზაცია ქართველი ხალხის არჩევანისა და უფლებების დაცვას განუხრელად გააგრძელებს”, - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.