Accentnews.ge
სოხუმში დაძაბულობის გამო ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა

სოხუმში დაძაბულობის გამო ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა

12/11/2024 05:47:59 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 ნოემბერს, გვიან ღამით ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მას წინ უძღოდა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები და ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

აფხაზური მედიის ცნობით, „რესპუბლიკური გზის უკანონო ბლოკირებით გამოწვეული სიტუაციის გამო გამართულ სხდომაზე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ბჟანიას მოახსენეს ზომები, რომლებსაც მიმართავენ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“.

"ბჟანიას მიერ მოწვეულ სხდომაზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი ქუჩუბერიამ განაცხადა, რომ ამ სამსახურის შენობის ჭიშკართან არეულობების დროს დაფიქსირებულია თანამშრომლებზე ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევები, ერთ-ერთი პირი კი თავისი ავტომანქანით ცდილობდა ჭიშკრის შენგრევას. როგორც ქუჩუბერიამ განაცხადა, ამ პირის ვინაობა დადგენილია და დააკავებენ. თავის მხრივ, უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ აღნიშნა, რომ შიშროების სამსახურთან შეკრებილთა ქმედებები და ავტომაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია", – იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.

ცნობისთვის: 11 ნოემბრის საღამოს სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობები, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია და ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს.

მათი ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამ შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით აქციამ ოკუპირებული სოხუმის თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა.

დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გუმისთის და კოდორის ხიდები გადაკეტეს.

აფხაზური ოპოზიციური პარტიის „სახალხო ერთობის ფორუმის“ ლიდერის ასლან ბარციცის ინფორმაციით, "ოპოზიციის აქტივისტები ბრუნდებოდნენ გუდაუთიდან, სადაც საზოგადოების შეკრება ჩატარდა რუსეთს და აფხაზეთს შორის ახლახან ხელმოწერილი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ განსახილველად". ეს „შეთანხმება" რუსულ კომპანიებს ოკუპირებულ აფხაზეთში თავისი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის უფლებას აძლევს.

აფხაზური ოპოზიცია შეთანხმებას ეწინააღმდეგება და მისი რატიფიკაციის დღეს, 15 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს.

ასლან ბარციცმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ "ოპოზიციონერების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა".

"12 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ ტელეგრამ-არხით გავრცელდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ დაკავებულია არა ხუთი, არამედ ოთხი პირი: გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, ომარ ხმირი და რამაზ ჯოპუა.

აგრბას თქმით, ამ პირებმა 11 ნოემბერს „პარლამენტის სხდომაზე მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების კანონპროექტის განხილვის შემდეგ, პარლამენტის ეზოში ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რასაც თან ახლდა უცენზურო ლანძღვა".

დე ფაქტო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ამ ე.წ. კანონპროექტს უშუალო კავშირი აქვს რუსეთთან „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმებასთან".

აგრბას ინფორმაციით, დაკავებულები ე.წ. შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და მათ მიმართ მიმდინარეობს „პროცესუალური შემოწმება“, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S