თედეევი ცხინვალის გავლით სატრანზიტო გზის გახსნის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის
12/11/2024 12:44:26 კონფლიქტები
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი და ამავდროულად ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი პარტია "ალანიის პატრიოტების" "იდეური ლიდერი" ძამბოლათ თედეევი ცხინვალის გავლით სატრანზიტო გზის გახსნის ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოდის. ამასთან, მისი აზრით, ამ გზის გახსნა უმთავრესად რუსეთზეა დამოკიდებული და ძალიან წაადგებოდა "სამხრეთ ოსეთის" ბიუჯეტს.
"დღეს, როდესაც რუსეთი - ჩვენი უფროსი სტრატეგიული პარტნიორი სანქცირებულია, აუცილებელია, გზები განიბლოკოს. ამას ამბობს უმაღლესი მთავარსარდალი, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი, თუკი გავხსნით ტრანზიტს, მაგალითად, ირანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, ჩვენს ბიუჯეტშიც წამოვა ფული, რომლითაც შევძლებთ ჩვენი პენსიონერების, ინვალიდების, [უკრაინაში მიმდინარე - რედ.] სპეცოპერაციის მონაწილეთა შენახვას... ეს რა, ცუდია? როდესაც 2008 წელს გზა გადაიკეტა, სანაცვლოდ არავის არაფერი შემოუთავაზებია, თუმცა ამჟამინდელი ვითარება ომამდელისგან განსხვავდება: ომამდე თავს დაცულად ვერ ვგრძნობდით, რადგან არ იყო "ჩვენი უფროსი ძმა". დღეს კი, როდესაც რუსეთს აღებული აქვს ჩვენი საზღვრების საიმედოდ დაცვის ვალდებულება, როდესაც ადგილზეა მე-4 რუსული სამხედრო ბაზა, ჩვენი სუვერენტეტი როგორც იყო, ისე დარჩება, განურჩევლად იმისა, გაიხსნება თუ არა ეს გზა - მას არაფერი ემუქრება. არადა, მოგეხსენებათ, სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის კატასტროფული მასშტაბის გადინება ფიქსირდება, ადამიანები გადიან უმუშევრობისა და იმის გამო, რომ იქ ცხოვრება ჩრდილოეთ ოსეთისაზე ძვირია... სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა აუცილებლად უნდა განიხილოს ტრანზიტის გახსნის საკითხი. მით უფრო, რომ იდეა არახალია და მასში ადრეც გაჟღერებულა. პარლამენტში ოთხი პარტია მუშაობს. მოდით, შევკრიბოთ ისინი, გავმართოთ დიალოგი და სამხრეთ ოსეთის მკვიდრნი, რომელთათვისაც ოსეთი სულერთი არაა, მოისმენენ გვერდიდან და გამოიტანენ გარკვეულ დაკვნას. ჩვენ ამის ინიცირებას მოვახდენთ, ერთად მოვისმენთ ინიციატივას და ერთად მივალთ რაღაც სასიკეთომდე" - განაცხადა თედეევმა.
მსგავსი განცხადება მას გასული წლის მარტშიც აქვს გაკეთებული.