
აფხაზური მედია: ხუთი დაკავებული აფხაზი ოპოზიციონერიდან ერთი - გარი კოკაია დე-ფაქტო უშიშროებამ გაათავისუფლა
12/11/2024 13:39:52 კონფლიქტები
ხუთი დაკავებული აფხაზი ოპოზიციონერიდან ერთი - გარი კოკაია დე-ფაქტო უშიშროებამ გაათავისუფლა, - იუწყება აფხაზური მედია. დანარჩენი ოთხი ამ დრომდე დაკავებული რჩება.
როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელებულ მიმართვაში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, დაკავებულთა მიმართ "შემოწმება" გრძელდება. ამასთან, მან მოქალაქეებს "სიმშვიდის შენარჩუნებისა და პროვოკაციებზე არაყოლისკენ" მოუწოდა.
"პატივცემულო მოქალაქენო! მოგმართავთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რესპუბლიკური ტრასის ბლოკირებას მოჰყვა. ამან ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დიდი დისკომფორტი გამოიწვია. მთელი ღამის განმავლობაში რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აგვარებდა ამ პრობლემას. მოვიწვიე ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც. ჩემი რძანებით შედგა საუბარი სოფელ ადზიუბჟას მოსახლეობასთან, რომელიც პრობლემას გაგებით მოეკიდა და ტრასის განბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გზების სხვა მონაკვეთების განსაბლოკად. რაც შეეხებათ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ მიმართ სამართალდამცველები შემოწმებას აგრძელებენ. პატივცემულო თანამემამულენო, მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს საკმარისი ძალა აქვთ რესპუბლიკაში უსაფრთხოებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად" - ნათქვამია ბჟანიას მიმართვაში.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში აგორორებული პროტესტი მოსკოვის მიერ ინიცირებული რიგი კანონების რატიფიცირების დაჟინებულ მოთხოვნას უკავშირდება, რომელთა ნაწილის რატიფიცირება აფხაზურმა "პარლამენტმა" უკვე მოახდინა, ნაწილის, მათ შორის "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" კანონის რატიფიცირებას კი საკანონმდებლო ორგანო 15 ნოემბერს გეგმავს. აფხაზური ოპოზიცია, კრიტიკული მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ამ კანონის მოქმედება აფხაზეთს "რუსი ოლიგარქების საკუთრებად" გადააქცევს.
ხსენებული კანონის რატიფიცირების ერთ-ერთ მხარდამჭერ "დეპუტატსა" და ხუთ ოპოზიციონერ ლიდერს შორის გუშინ "პარლამენტთან" დაპირისპირება მოჰყვა, მოგვიანებით კი ხუთივე ოპოზიციონერი დააკავეს და დე-ფაქტო უშიშროების სამსახურში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. ამან, თავის მხრივ, საპროტესტო ტალღა ააგორა, გადაიკეტა გუმისთის, ქვემო გუმისთისა და კოდორის ხიდები - ანუ სოხუმისკენ მიმავალი სამი საკვანძო არტერია. აქციების მონაწილეთა მოთხოვნა დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა.
დღეს დილით ცნობილი გახდა მოლაპარაკებების შედეგად კოდორის ხიდის განბლოკვის თაობაზე, თუმცა ცოტა ხნის წინ ტელეგრამ-არხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხიდი კვლავ გადაიკეტა.