Accentnews.ge
თბილისის საქალაქო სასამართლოში    არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა იწყება

13/11/2024 07:22:11 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების მიერ შედგენილი საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით დაწერილი სარჩელების განხილვა იწყება. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები სასამართლომ გააერთიანა და ერთ საკითხად განიხილავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამტკიცებს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო ყველა ელექტრონულ უბანზე ამომრჩეველთა ხმის ფარულობა დაირღვა და უნდა გაუქმდეს შედეგები; საიას მსგავსად, იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. დამატებით, პარტიები მიუთითებენ, რომ არჩევნებზე იყო სხვა დარღვევებიც: მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებლების საქმიანობის ხელშეშლა.

ეს საარჩევნო საკითხებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელების განხილვების მეორე ეტაპია. საქმეს მოსამართლე ივერი აბაშიძე განიხილავს. დავების განხილვის მეორე ეტაპზე, გასაჩივრებულია საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები. საოლქო კომისიებთან დაკავშირებული დავები ჯერ ცესკომ განიხილა და ოპოზიციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

მეორე ეტაპის სასამართლო დავების დასრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებები ცესკოს გადაეგზავნება, რომელზე დაყრდნობითაც არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოაცხადოს. ცესკოს შემაჯამებელი ოქმი შესაძლოა, გასაჩივრდეს ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში და შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში.

ეს საარჩევნო საკითხებზე სარჩელების განხილვების სასამართლოები განიხილავდნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 ნოემბერს დაიწყო და 23 საათი გაგრძელდა საუბნო საარჩევნო კომისიების შედგენილი ოქმების გაბათილების მოთხოვნით დაწერილი გაერთიანებული სარჩელების განხილვა. მოსამართლეთა კოლეგიამ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის მიღებული ერთი განსხვავებული გადაწყვეტილება, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა. კოლეგიამ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების 20-ზე მეტი საჩივარი.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S