„ევროპელი სოციალისტების პარტია“ საქართველოს მმართველი გუნდის ინიციატივას ამჯერად მხარს უჭერს

12-02-2020 20:34:34 საგარეო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარტნიორი „ევროპელი სოციალისტების პარტია“ (PES) "ფაქტების შემსწავლელ კომისიაში“ სამუშაოდ ევროპარლამენტარების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივას მხარს უჭერს.

„მივესალმებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალეობის გაუმჯობესებისკენ. „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსისა“ (S&D) და „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრებით დაკომპლექტებული მისია უგულავას საქმეში მეტი სიცხადის შეტანას შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ პრეზიდენტმა სერგეი სტანიშევმა.

ცნობისთვის: „ევროპელი სოციალისტების პარტია“ ევროპარლამენტში წარმოდგენილია „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ სახით (S&D).

2019 წლის ნოემბერში „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა“ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო შეშფოთება გამოთქვა და საქართველოს ხელისუფლებას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდა.

“შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. საარჩევნო რეფორმა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ იყო ინიცირებული, ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერების გასაღებია. ველით, რომ ქართველი ხალხისადმი მიცემულ ამ დაპირებას ყველა მხარე შეასრულებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც S&D–მ ნოემბერში გაავრცელა.

იხილეთ ასევე: "ოცნება" ევროპარლამენტარებს უგულავას საქმის შემსწავლელ კომისიაში სამუშაოდ საქართველოში იწვევს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები