ევროპარლამენტში დებატები გაიმართა – ვინ გააკრტიკა "ოცნება" და ვინ დაადანაშაულა ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში
14/11/2024 05:43:04 პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სიტყვით გამოსული ევროპარლამენტარების უმეტესობამ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გააკრიტიკა. თუმცა მომხსენებლების ნაწილმა ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ოფიციალურად მივლენილი საერთაშორისო დამკვირვებელი იყო, განაცხადა, რომ "არჩევნები სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა".
ლუაზოს თქმით, „ქართული ოცნება” იქცა „ქართულ კოშმარად”.
მან საპროტესტო აქციების შესახებაც ისაუბრა:
"მათ ჩვენი სჯერათ და იმედოვნებენ, რომ არ მივატოვებთ. „ქართული ოცნება” იქცა „ქართულ კოშმარად”. ისინი ვლადიმირ პუტინისკენ მიბრუნდნენ და სურთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა. ევროპის ამჟამინდელი პასუხი მტკიცეა, თუმცა არ არის სწორად მორგებული”.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ქართველ ხალხს იმედი უნდა მისცეს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მხარი დაუჭიროს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისინი არა ჩვენი სისუსტის, არამედ ჩვენი სიმტკიცის სიმბოლოები იყვნენ“, - აღნიშნა მიმართვის ბოლოს ევროპარლამენტარმა.
ევროპალრამენტის წევრმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან.
„ამიერიდან ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა მიმართოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე „ქართულ ოცნებას”, რომელმაც მათ არჩევნები წაართვა. ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის "დებიძინიზაციის" შემდეგ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული:
„ქართულ ოცნებას” არ გაუმარჯვია. საჭიროა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია, ეს ასეც დარჩება”.
მან ასევე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ უნდა გადაფასდეს იმსახურებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის შენარჩუნებას:
„საჭიროა გადავხედოთ, რჩება თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის შენარჩუნების კანდიდატად. მეტად ვეღარ გავამართლებთ ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ამას სევდით ვამბობ. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი მხარს უჭერენ პროევროპულ გზას და ჩვენ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ მათ”.
ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა აღნიშნა, არჩევნებზე შესაძლო დარღვევების შესახებ გაჟღერებული ბრალდებები გამოძიებულ უნდა იქნეს.
მისივე თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გასულ წელს საჭირო რეფორმების გატარების პირობით გადაწყვიტა.
„სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის მიმართულების შესახებ და მთავრობის განზრახვებზე თბილისში. წინასაარჩევნო დაძაბული და პოლარიზებული გარემო, დარღვევების შესახებ ანგარიშები, მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გავრცელებული მზარდად ავტორიტარული დღის წესრიგი. ქართველებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათ დემოკრატიული საქართველოს სურთ ევროპული პერსპექტივით. ქართველებს არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილი. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება დარღვევების თაობაზე დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული უნდა იქნას. ეს ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს”, - განაცხადა მაკალისტერმა.
ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა აღნიშნა, რომ როდესაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გზას, „მმართველმა პარტიამ ისინი ამ მიზანს დააშორა“.
"მმართველმა პარტიამ რუსული სტილის კანონები მიიღო, არასამთავრობო ორგანიზაციების „იარლიყის მიკერებასა” და ე.წ. “გეი პროპაგანდაზე”. მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქი ოპოზიციური პარტიების აკრძალვითაც დაიმუქრა. ძალიან ბევრი ცნობა იყო ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის, ორჯერ ხმის მიცემისა და ძალადობის ინციდენტების შესახებ ბოლო საარჩევნო პროცესის დროს. საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა. ეს ინციდენტები ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული. არჩევნების სამართლიანობა ძირეული ევროპული ღირებულებაა. საქართველო გზაგასაყარზე დგას. თუ მას მისი ხალხის ევროპული ინტეგრაციის სურვილის პატივისცემა სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და შეცვალოს თავისი კურსი,” - განაცხადა ტინკინენმა.
ევროპარლამენტარმა მარკეტა გრიგოროვამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ თავად იხილა დარღვევები.
"თუ 2021 წელს ჩუმად ვიყავით, ახლა არ შეიძლება ამ არჩევნებს ვუწოდოთ სამართლიანი და თავისუფალი. გვჭირდება ამ დარღვევების გამოძიება, ასევე უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე და მხარი დავუჭიროთ ქართველებს მათ მისწრაფებებში დემოკრატიისკენ",- განაცხადა მან.
ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროკომისიას საქართველოს ხელისუფლების "სრული იზოლაციისკენ" მოუწოდა.
"2020 წლის შემდეგ, საქართველო უკან, ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს და სამწუხაროდ, ისინი, რომლებიც ქვეყნის სათავეში დგანან, სარგებელს რუსეთისგან იღებენ. დროა, დასკვნები გამოვიტანოთ. მე მოგიწოდებთ, კომისარო, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციოთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ევროპული დახმარების გაყინვით, სავიზო რეჟიმის დაწესებითა და საერთაშორისო მასშტაბით რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანიტარული კორდონის შექმნით", - განაცხადა გოშევსკამ.
ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ "მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის".
"ჩვენი პასუხი ძლიერი უნდა იყოს. პირველი - მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება და მოვითხოვოთ საარჩევნო თაღლითობისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. მეორე - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს ჩვენი შესაძლებლობაა დავიცვათ საერთო ევროპული ღირებულებები და მხარში დავუდგეთ თავისუფალ ქართველ ხალხს", - განაცხადა ჟალიმასმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა აღნიშნა, რომ "26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს".
"ეს არჩევნები სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა, რომელიც იყო, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე, არჩევნების დღეს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს. ადგილი ჰქონდა არათანაბარ პირობებს, რითაც ისარგებლა მმართველმა პარტიამ. მან გამოიყენა თავისი არსებითი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, ირწმუნებოდა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ევროკავშირის გზაზე დათრგუნა განსხვავებული აზრი. ამ ტაქტიკამ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იმოქმედა, რომელიც შედარებით ფრაგმენტირებული რჩებოდა", - განაცხადა მან.
შინასმა, ასევე ევროკომისიის სახელით, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით სამ ძირითად საკითხს გაუსვა ხაზი:
- "ივნისის შემდეგ ევროკავშირმა მკაცრად უპასუხა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევაჩერეთ კრიტიკული დახმარება - 30 მილიონი ევრო ევროპული ფონდიდან და პირდაპირი დახმარება მთავრობისთვის. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე შეჩერებულია. ეს ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება ქმედებების კურსს არ შეცვლის. ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას.
- არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოზიცია მკაფიოდ თქვა, რომ მოაგვაროს არჩევნებზე სერიოზული დარღვევების საკითხი. ჟოზეპ ბორელმა [ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა] უკვე შეიტანა საქართველოს საკითხო მომდევნო საბჭოს სხდომაზე. ჩვენ, შესაძლოა, დამატებით ზომებზეც შევთანხმდეთ.
- ნებისმიერი მომავალი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან იქნება მკაცრი პირობებით და დამოკიდებული იქნება 9 ნაბიჯის შესრულებაზე, რაც მას ევროკომისიამ დაუსახა. ასევე, უნდა გაუქმდეს "უცხოური აგენტების კანონი" და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი. უნდა გატარდეს დემოკრატიული რეფორმები".
კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარების გარდა, დებატებზე დეპუტატების ნაწილმა, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, ევროკავშირი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
"საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარა. ეს ყველამ იცის, ვინც იქ იყო. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებსა და ინციდენტებს, მაგრამ ისეთს არაფერს, რაც სხვაგან ვერ მოხდებოდა", - თქვა უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრას ლაზლომ, რომელიც ვიქტორ ორბანის "ფიდესს" წარმოადგენს.
მან ასევე საქართველოს დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი "პოლიტიკოსებს ევროკავშირის ქვეყნებიდან" და თქვა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ევროკავშირში ზოგიერთს არ მოსწონს, პატივი უნდა სცენ ქართველების არჩევანს.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარტნიორობა და გაწევრების მოლაპარაკებები ახალ მთავრობასთან", - დასძინა უნგრელმა ევროპარლამენტარმა.
დანილო დელა ვალემ, რომელიც იტალიურ პოპულისტურ პარტია "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას" წარმოადგენს, თქვა, რომ "ცესკომ საარჩევნო უბნების ნაწილის შედეგები გადათვალა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა".
"ამისდა მიუხედავად, ახლა [საქართველოს] გაწევრების პროცესის შეჩერებით ვემუქრებით, მარტო იმიტომ, რომ ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში [არჩევნების] შედეგები არ მოსწონთ", - თქვა მან.
"ქართული ოცნება" დაიცვა სლოვაკმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, მილან უჰრიკმაც.
"ვის ენდომება, რომ 70 გენდერი ასწავლონ სკოლაში? ან ვის ენდომება, რუსეთთან ომში ჩაერთოს? თქვენ ის გაწუხებთ, რომ ქართველებმა არ დაუშვეს, საკუთარ მიწაზე მანიპულაციის მსხვერპლი გამხდარიყვნენ", - მიმართა მან დანარჩენ ევროპარლამენტარებს.
საქართველოს ხელისუფლებისადმი სიმპათიით იყო განწყობილი ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანიც.
"ათი დღე იყო გასული "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან, როცა გერმანიის ელჩი ფარისევლობით სავსე გზავნილში მშვიდობიან რევოლუციაზე ალაპარაკდა, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კი ქართველებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, მათ ინსტრუქციები მისცა, თქვა, მოძრაობა უნდა დაიწყოს, მაიდანი გაიხსენეთო", - განაცხადა მარიანიმ, რომელიც მარინ ლე პენის პარტიას წარმოადგენს.
მარიანი 2015 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ესტუმრა, 2018 წელს კი – დონეცკს.
2015 და 2017 წლებში ტიერი მარიანი ხუთჯერ ესტუმრა სირიას. ერთ-ერთი ვიზიტისას მან "მეგობარი" უწოდა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა, რომელიც წარმოადგენს პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის", თქვა, რომ "რამდენიმე ინციდენტი აღირიცხა, მაგრამ არცერთს ჰქონია გავლენა არჩევნების ზოგად სანდოობაზე".
ნოიჰოფმა გაიმეორა გზავნილები, რომელთა თანახმად, "ევროკავშირი საქართველოს ომში ჩათრევასა და ლგბტ+ საკითხების თავსმოხვევას ცდილობს".
ჰანს ნოიჰოფის თანაპარტიელებმა ბუნდესტაგში ცოტა ხნის წინ წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის გზებს განიხილავს.
კიდევ ერთმა სლოვაკმა პოლიტიკოსმა ლუბოშ ბლაჰამ, რომელიც პრორუსული პოზიციებითაა ცნობილი, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა:
"ქართულ ოცნებას ჩემი პარტიის მსგავსი იდეოლოგია აქვს - ჩვენ ვეწინააღმდეგებით "ლგბტ იდეოლოგიას" და დასავლეთის დაფინანსებულ მაიდანის რევოლუციას".
ცნობისთვის: დებატების სახელწოდებით “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო იყო. იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.
დებატებისას ნატალი ლუაზომ წინადადება დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.


