
მამუკა ლომიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
14/11/2024 08:44:05 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიძემ მამუკა ლომიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სირაძეს სასამართლოზე დუმილი არ დაურღვევია და არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.
ოჯახი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
"იმ სატანას ჩემი შვილის სიკვდილს ვერ ვაპატიებ ვერაფრით. ღირსია, სამუდამო უნდა მიუსაჯონ. რა 15 წელი, როგორი შვილი მომიკლა. არ არსებობს, გავსაჩივრებ, მოვკვდები, შევეწირები. უნდა შეცვალონ გადაწყვეტილება. ეგ არის საზოგადოებისთვის საშიში, ჩემი შვილი უნდა იყოს ბოლო. ეგ კაცი არ არის, დილით მაგის შვილს ეფერებოდა ჩემი შვილი და საღამოს შვილი მომიკლა, ეგ კაცია?", - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, მოკლულის დედა.
მოგვიანებით, საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
- "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდებული თავის მეგობარს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, მის გვერდით მჯდომი ბრალდებული კი ავტომანქანიდან გადავიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული მიიმალა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ბრალდებული ბ.ს. დამნაშავედ ცნო 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ძებნილი ბრალდებული დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ 25,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს".
ცნობისთვის: თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე 24 წლის მამუკა დოლიძე 2024 წლის 18 თებერვალს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ფაქტს წინ უთანხმოება უძღოდა. მომხდარზე სამართალდამცველებმა მეორე დღესვე ორი პირი დააკავეს. მათგან ერთს, ბაჩო სირაძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ჰქონდა წარდგენილი, ხოლო მეორეს - გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე.