ინაშვილი ხელისუფლებას უგულავას საქმეზე კითხვით მიმართავს

13-02-2020 00:13:05 პოლიტიკა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა არასწორი დრო შეარჩია.

ინაშვილი მმართველ გუნდს კითხვითაც მიმართავს, თუ ასეთი "სტანდარტული, არართული" საქმის გამოძიებას გამოძიებას 7 წელს ანდომებს, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებს.

"7 წლის მანძილზე "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინცდამაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ? ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა", — წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირმა, რიგმა ევროპარლამენტარებმა, საელჩოებმა და სხვადსხვა ქვეყნის საგარეო უწყებებმა შეშფოთება გამოთქვეს.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

განაჩენის შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარცევნო სისტემაზე დიალოგი შეწყვიტა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები