Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-13 ნოემბერი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-13 ნოემბერი

14/11/2024 13:12:28 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა „მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ“ კანონი მიიღო

11 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ კონსტიტუციური კანონი“ დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ნაჩქარევი მიღება ნაკარნახევია რუსეთთან გაფორმებული საინვესტიციო „შეთანხმების“ რატიფიცირების საჭიროებით, რომელიც აფხაზეთში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ ჩანაწერს ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერები და ექსპერტები აპარტამენტების მშენებლობის შესაძლებლობად მიიჩნევენ, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ახალი „კანონი“ მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ სწორედ ამ ცნების განმარტებასა და საზოგადოებაში არსებული შიშების გაქარწყლებას ემსახურება.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, "მრავალფუნქციური კომპლექსი არასაცხოვრებელი ქონებრივი კომპლექსია, რომელიც ერთი ან მეტი არასაცხოვრებელი შენობისგან და ფუნქციონალური მიზნებისათვის განკუთვნილი, მხოლოდ არასაცხოვრებელი ფართებისგან შედგება; მრავალფუნქციურ კომპლექსში მხოლოდ ოფისების, სავაჭრო, სპორტული, საგამოფენო, საგანმანათლებლო და სხვა არასაცხოვრებელი ფართების განთავსება დაიშვება და ის არ შეიძლება მოიცავდეს აპარტამენტებს ან აპარტოტელებს”.

მეტიც, „იკრძალება არასაცხოვრებელი შენობებისა და ნაგებობების მრავალფუნქციური კომპლექსის შემადგენლობაში გადატანა, ისევე როგორ მრავალფუნქციური კომპლექსის (სრულად ან ნაწილობრივ) გადატანა მრავალბინიან სახლში, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში ან საცხოვრებელ შენობაში“.

ადგილობრივმა ოპოზიციამ დე ფაქტო პარლამენტის ეს ქმედება არასაკმარისად მიიჩნია და განაცხადა, რომ მიღებული კანონი მრავალფუნქციურ კომპლექსებში სასტუმრო ნომრების ან სხვა ტიპის საცხოვრებელი ფართის განთავსებას არ ზღუდავს.

აფხაზეთი მასშტაბური პროტესტების ტალღამ მოიცვა

მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ „კანონის“ მიღების შემდეგ აფხაზეთში მასშტაბური პროტესტები დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, „კანონის“ განხილვის დროს დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას, რომლის შედეგად საინვესტიციო შეთანხმების მხარდამჭერი „დეპუტატი“ ალხას აკაბა დაზარალდა. იმავე საღამოს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს ინციდენტში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია და ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, მათი ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები „უსაფრთხოების სამსახურის“ შენობასთან შეიკრიბნენ, ავტომანქანით ჭიშკარი შეამტვრიეს და უწყების ეზოში განაგრძეს აქცია.

მოგვიანებით, პროტესტის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი სამი ცენტრალური ავტომაგისტრალი - გუმისთის, ქვემო გუმისთისა და კოდორის ხიდები გადაკეტეს. გადაადგილება მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებისა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის იყო დაშვებული.

შექმნილი ვითარების განხილვის მიზნით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გვიან ღამით „უშიშროების საბჭოს“ სხდომა მოიწვია. მოგვიანებით მან მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. „არ აჰყვეთ პროვოკაციას. ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი ძალა აქვთ რესპუბლიკაში უსაფრთხოებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად", - განაცხადა მან.

აქციის მონაწილეებმა კოდორის ხიდი მას შემდეგ გახსნეს, რაც მათთან დე ფაქტო პარლამენტის წევრი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის "გამგებელი" ბესლან ბიგვავა მივიდნენ და დაკავებულთა უმოკლეს დროში გათავისუფლებას დაჰპირდნენ. თუმცა, როდესაც ორი საათის გასვლის შემდეგ აღნიშნული დაპირება არ შესრულდა, ხიდი ისევ გადაიკეტა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის კოდორის ხიდზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.

სამოქალაქო აქტივისტებმა საპატიმრო 12 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო დე ფაქტო სასამართლომ პროცესი შეწყვიტა. დაკავებულთა გათავისუფლების შემდეგ დემონსტრანტებმა აქცია შეწყვიტეს და სამივე ხიდი მოძრაობისთვის გახსნეს.

აფხაზურ „პარლამენტში“ "მინისტრთა კაბინეტისა" და "პრემიერის თანამდებობის" გაუქმების საკითხზე იმსჯელებენ

დე ფაქტო პარლამენტში დაიწყო „საკონსტიტუციო ცვლილებების“ განხილვა, რომელთა მიხედვითაც, უქმდება „მინისტრთა კაბინეტი“ და შესაბამისად, „პრემიერ-მინისტრისა“ და „ვიცე-პრემიერის“ თანამდებობები, ხოლო „მინისტრები“ უშუალოდ „პრეზიდენტს“ დაექვემდებარებიან.

ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული „საკონსტიტუციო კანონპროექტი“ ადგენს „მინისტრების პარლამენტთან“ შეთანხმებით დანიშვნის პროცედურას. კერძოდ, დე ფაქტო პრეზიდენტს ექნება „პარლამენტის“ დათხოვნისა და რიგგარეშე „საპარლამენტო არჩევნების“ დანიშვნის უფლება იმ შემთხვევაში, თუკი ე.წ. დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „მინისტრობის“ კანდიდატურებს სამჯერ ვერ დაამტკიცებენ და „მინისტრთა“ თანამდებობების მესამედზე მეტი ვაკანტური დარჩება.

გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტს მიენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურა. ამასთან, გათვალისწინებულია ცალკე „კანონით“ ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრა, ვინაიდან ამჟამად მისი ფუნქციები საკმაოდ ბუნდოვანია და „პრეზიდენტის ცალკეული მითითებების შესრულებას“ ითვალისწინებს.

დოკუმენტი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით დამტკიცების მიზნით დე ფაქტო პარლამენტს წარედგინა.

გუდაუთის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გუდაუთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ აფხაზეთის „სახელმწიფო ავტოინსპექციის" უფროსმა დამეი ავიძბამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მდინარე ააფსთას ხიდზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ერთ მანქანაში მყოფი ორი მგზავრი დაიღუპა, ხოლო მეორე ავტომობილის მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რიცხვი საკმაოდ მაღალი რჩება. არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 106 შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგად ჯამში 31 ადამიანი დაიღუპა. ბოლო თვეებში სამართალდამცველები რეგულარულად ატარებენ რეიდებს ავტოსაგზაო დარღვევებისა და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხვევების გამოსავლენად, თუმცა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება ამას არასაკმარისად მიიჩნევს და უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობაზე საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S