
აფხაზური ოპოზიცია შესაძლო შემდგომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობას დე-ფაქტო ხელისუფლებას აკისრებს
15/11/2024 07:11:18 კონფლიქტები
აფხაზური ოპოზიცია დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მორიგი მავნე რუსული კანონის რატიფიცირების მოლოდინში ვითარების შესაძლო ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ასლან ბჟანიას გუნდს აკისრებს.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ დე-ფაქტო ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, "მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადოს ყველა იმ მწვავე საკითხის განხილვა, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ხალხში მღელვარებას იწვევს".
"თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ასლან ბჟანიასა და მის გარემოცვას დაეკისრება - ზუსტად ისევე, როგორც წინა დღეების მოვლენებზე, როცა ოპოზიციონერი აქტივისტების დაუნდობელმა დაკავებამ რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება მყისიერად დაძაბა".
ამასთან, არძინბა აფხაზ ძალოვანებს მიმართავს და მოუწოდებს, "გამოიჩინონ სიბრძნე და თავშეკავება":
"ნუ მისცემთ პირადი გამდიდრების ჟინით შეპყრობილ ხელისუფლებას საშუალებას, გამოგიყენოთ ბრმა იარაღად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! გახსოვდეთ, რომ ფიცი არა ასლან ბჟანიასა და მისი ოლიგარქების, არამედ სამშობლოს წინაშე გაქვთ დადებული! თქვენი ერთგულება მიმართული უნდა იყოს არა იმ ვიწრო პოლიტიკური ელიტის ინტერესების დაცვაზე, რომელიც მზადაა, პირად კეთილდღეობას სამშობლო შესწიროს, არამედ ხალხისა და სამშობლოს ინტერესების უზრუნველყოფაზე!".
ცნობისთვის: ამ დღეებში აფხაზური დე-ფაქტო პარლამენტი მოსკოვის მიერ ინიცირებული "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" ხელშეკრულების რატიფიცირებას ეცდება, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება დიდ საფრთხედ განიხილავს და თვლის, რომ დოკუმენტი აფხაზეთს "რუსული ოლიგარქატის საკუთრებად გადააქცევს".
თავის მხრივ, რუსული და აფხაზური სახელისუფლებო მედია ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ ხელშეკრულების რატიფიცირების ყველა მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას. ვრცელდება, მათ შორის, დეზინფორმაცია, თითქოს ოპოზიციას "აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზანი ამოძრავებს".