სოხუმში რუსეთთან "საინვესტიციო შეთანხმების" რატიფიცირების საწინააღმდეგო აქცია დაიწყო
15/11/2024 08:56:31 კონფლიქტები
სოხუმში რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმების" რატიფიცირების საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა ღონისძიებაზე აფხაზურთან ერთად, რუსეთის დროშებიც მიიტანეს იმის ნიშნად, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების ბრალდებები სიცრუეა და ისინი "სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მხოლოდ მეგობრულად არიან განწყობილები".
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ აცნობა შეკრებილთ, რომ ოპოზიციონერ "დეპუტატთა" ნაწილი "სპიკერ" ლაშა აშუბასთან შეხვედრას მართავს და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას მოითხოვს.
"საკითხის გადაჭრამდე არ დავიშლებით" - განაცხადა არძინბამ.
მანამდე მან დე-ფაქტო ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, "მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადოს ყველა იმ მწვავე საკითხის განხილვა, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ხალხში მღელვარებას იწვევს".
"თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ასლან ბჟანიასა და მის გარემოცვას დაეკისრება - ზუსტად ისევე, როგორც წინა დღეების მოვლენებზე, როცა ოპოზიციონერი აქტივისტების დაუნდობელმა დაკავებამ რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება მყისიერად დაძაბა".
ამასთან, არძინბა აფხაზ ძალოვანებს მიმართავს და მოუწოდებს, "გამოიჩინონ სიბრძნე და თავშეკავება":
"ნუ მისცემთ პირადი გამდიდრების ჟინით შეპყრობილ ხელისუფლებას საშუალებას, გამოგიყენოთ ბრმა იარაღად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! გახსოვდეთ, რომ ფიცი არა ასლან ბჟანიასა და მისი ოლიგარქების, არამედ სამშობლოს წინაშე გაქვთ დადებული! თქვენი ერთგულება მიმართული უნდა იყოს არა იმ ვიწრო პოლიტიკური ელიტის ინტერესების დაცვაზე, რომელიც მზადაა, პირად კეთილდღეობას სამშობლო შესწიროს, არამედ ხალხისა და სამშობლოს ინტერესების უზრუნველყოფაზე!".
ცნობისთვის: ამ დღეებში აფხაზური დე-ფაქტო პარლამენტი მოსკოვის მიერ ინიცირებული "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" ხელშეკრულების რატიფიცირებას ეცდება, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება დიდ საფრთხედ განიხილავს და თვლის, რომ დოკუმენტი აფხაზეთს "რუსული ოლიგარქატის საკუთრებად გადააქცევს".
თავის მხრივ, რუსული და აფხაზური სახელისუფლებო მედია ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ ხელშეკრულების რატიფიცირების ყველა მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას. ვრცელდება, მათ შორის, დეზინფორმაცია, თითქოს ოპოზიციას "აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზანი ამოძრავებს".