Accentnews.ge
სოხუმში "სამთავრობო" შენობათა კომპლექსი ალყაშია მოქცეული

სოხუმში "სამთავრობო" შენობათა კომპლექსი ალყაშია მოქცეული

15/11/2024 11:30:11 კონფლიქტები

სოხუმის ცენტრში მდებარე "სამთავრობო" შენობათა კომპლექსი ე.წ. "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა მიერ ალყაშია მოქცეული. პროტესტანტებს სულ უფრო მეტი მოქალაქე უერთდება, - იუწყებიან ადგილობრივი ტელეგრამ-არხები.

მათივე ინფომაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა ადმინისტრაციის შენობა დატოვეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ დე-ფაქტო ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს, "პრეზიდენტ" ბჟანიას კი "დეზერტირად" მოიხსენიებენ.

სამართალდამცველები ამ ეტაპზე მომიტინგეებს წინააღმდეგობას არ უწევენ, - აცნობეს "აქცენტს" მოვლენათა ადგილიდან.

აქციის მონაწილეებთან გასულები იყვნენ დე-ფაქტო შს მინისტრი რობერტ კიუტი და "უშიშროების სამსახურის" ხელმძღვანელი დიმიტრი კუჭუბერია, რომლებიც მათ მოთხოვნების "პრეზიდენტისთვის" გადაცემას დაჰპირდნენ.

მანამდე მოვლენები დე-ფაქტო პარლამენტთან ვითარდებოდა, სადაც მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, გაუშვეს გაზი, ისმოდა სროლის ხმაც. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფხაზურმა "პარლამენტმა" დღეს უარი თქვა 15 ნოემბრის დღის წესრიგის დამტკიცებაზე, რომელიც, მათ შორის, რუსეთთან "საივესტიციო საქმიანობის შესახებ" სადავო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს მოიცავდა. დღევანდელი სხდომა გადაიდო. როგორც "სპიკერმა" ლაშა აშუბამ განმარტა, "დეპუტატთა ნაწილმა ამ პირობებში მუშაობაზე უარი თქვა".

ამ განცხადებამდე აშუბას ოპოზიციონერი დეპუტატები ხვდებოდნენ, რომლებიც ხსენებული შეთანხმების რატიფიცირების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებასა და ჩაგდებას მოითხოვდნენ.

აქციის დაწყებამდე, დილით ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ადგურ არძინბამ დე-ფაქტო ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, "მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადოს ყველა იმ მწვავე საკითხის განხილვა, რომელიც საზოგადოებას ხლეჩს და ხალხში მღელვარებას იწვევს".

"თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ასლან ბჟანიასა და მის გარემოცვას დაეკისრება - ზუსტად ისევე, როგორც წინა დღეების მოვლენებზე, როცა ოპოზიციონერი აქტივისტების დაუნდობელმა დაკავებამ რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება მყისიერად დაძაბა".

ამასთან, არძინბამ აფხაზ ძალოვანებს მიმართა მოწოდებით, "გამოიჩინონ სიბრძნე და თავშეკავება":

"ნუ მისცემთ პირადი გამდიდრების ჟინით შეპყრობილ ხელისუფლებას საშუალებას, გამოგიყენოთ ბრმა იარაღად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! გახსოვდეთ, რომ ფიცი არა ასლან ბჟანიასა და მისი ოლიგარქების, არამედ სამშობლოს წინაშე გაქვთ დადებული! თქვენი ერთგულება მიმართული უნდა იყოს არა იმ ვიწრო პოლიტიკური ელიტის ინტერესების დაცვაზე, რომელიც მზადაა, პირად კეთილდღეობას სამშობლო შესწიროს, არამედ ხალხისა და სამშობლოს ინტერესების უზრუნველყოფაზე!".

ცნობისთვის: აფხაზური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება მოსკოვის მიერ ინიცირებულ "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" ხელშეკრულებას დიდ საფრთხედ განიხილავენ და თვლიან, რომ დოკუმენტი აფხაზეთს "რუსული ოლიგარქატის საკუთრებად გადააქცევს".

თავის მხრივ, რუსული და აფხაზური სახელისუფლებო მედია ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობენ ხელშეკრულების რატიფიცირების ყველა მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას. ვრცელდება, მათ შორის, დეზინფორმაცია, თითქოს ოპოზიციას "აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მიზანი ამოძრავებს". გარდა ამისა, რუსეთის მიმართ მზარდი კრიტიკული განწყობის ფონზე მოსკოვი დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს, აფხაზური საზოგადოება დააბნიოს: სახელისუფლებო ტელეგრამ-არხები პერიოდულად ავრცელებენ ფეიქებს თითქოს საფრთხეს არა რუსი ალიგარქები წარმოადგენენ, არამედ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მესამე პირთა - რუსეთის მოქალაქეთა სახელით აფხაზეთში "ყველაფერ ფასეულის დაუფლებას ეცდება". საქართველოს ხელისუფლება კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებს, პროცესები, მათ შორის რუსეთის ყოველი ანექსიური ნაბიჯი თვითდინებაზეა მიშვებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S