EPP–ს თავმჯდომარე: „შეშფოთებული ვარ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო“

13-02-2020 14:56:19 სამართალი ,საგარეო პოლიტიკა

“ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) თავმჯდომარე დონალდ ტუსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმეს ეხმიანება და აცახდებს, რომ „ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო შეშფოთებულია“.

„შეშფოთებული ვარ უგულავას დაკავებისა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თანამხად, კანონის უზენაესობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გუშინ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურიც (EEAS) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური დიალოგის წინსვლას ხელს არ უწყობს".

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები