19-11-2024 10:04:19 კონფლიქტები
ოპოზიციასთან მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი და პრემიერი თანამდებობებიდან გადადგნენ.
"სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ" - ნათქვამია ასლან ბჟანიას განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბჟანია თანამდებობას ტოვებს, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები კი - 15 ნოემბერს დაკავებულ ე.წ. "სამთავრობო" შენობათა კომპლექსს და იშლებიან. "თუ ოპოზიცია შეთანხმების ამ პუნქტს დაარღვევს, ვიტოვებ უფლებას, გადადგომის გადაწყვეტილება გავიწვიო" - ნათქვამია ასლან ბჟანიას განხადებაში.
ცნობისთვის, ოპოზიცია "სამთავრობო" კომპლექსში 15 ნოემბერს - იმ დღეს შეიჭრა, როცა დე-ფაქტო პარლამენტს რუსეთის მიერ ინიცირებული ე.წ. "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოეხდინა. "დეპუტატთა" ნაწილი პროტესტს შეუერთდა და სხდომა ჩაიშალა.
ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას "პარლამენტი" დღეს განიხილავს. "პრეზიდენტის" მოვალეობას, შეთანხმებისამებრ, დროებით "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა შეასრულებს, ხოლო "პრემიერისას" - დე-ფაქტო პარლამენტის ექს-სპიკერი ვალერი ბგანბა, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია.