ბჟანია: "აფხაზეთი არ დამიტოვებია, თანამოაზრეებთან ერთად მშობლიურ ტამიშში ვრჩები"

19-11-2024 15:33:02 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადამდგარმა ასლან ბჟანიამ რესპუბლიკის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"აფხაზეთი არ დამიტოვებია, ანამოაზრეებთან ერთად მშობლიურ ტამიშში ვრჩები" - აცხადებს ბჟანია მოსახლეობისადმი მორიგ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის: ბჟანიამ გადადგომის შესახებ განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებთან მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა. მას დღეს დე-ფაქტო პარლამენტი განიხილავს.

"სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ" - ნათქვამია ბჟანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბჟანია თანამდებობას ტოვებს, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები კი - 15 ნოემბერს დაკავებულ ე.წ. "სამთავრობო" შენობათა კომპლექსს და იშლებიან. "თუ ოპოზიცია შეთანხმების ამ პუნქტს დაარღვევს, ვიტოვებ უფლებას, გადადგომის გადაწყვეტილება გავიწვიო" - ნათქვამი იყო ბჟანიას განცხადებაში.

შეგახსენებთ: ოპოზიცია "სამთავრობო" კომპლექსში 15 ნოემბერს - იმ დღეს შეიჭრა, როცა დე-ფაქტო პარლამენტს რუსეთის მიერ ინიცირებული ე.წ. "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოეხდინა. "დეპუტატთა" ნაწილი პროტესტს შეუერთდა და სხდომა ჩაიშალა.

"პრეზიდენტის" მოვალეობას, შეთანხმებისამებრ, დროებით "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა შეასრულებს, ხოლო "პრემიერისას" - დე-ფაქტო პარლამენტის ექს-სპიკერი ვალერი ბგანბა, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები