აფხაზურმა "პარლამენტმა" ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

19-11-2024 16:06:41 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა 31-დან 28 ხმით მხარი დაუჭირა "პრეზიდენტის" თანამდებობიდან ასლან ბჟანიას გადადგომას, - იუწყება აფხაზური მედია.

გადაწყვეტილების მისაღებად "დეპუტატთა" 24 ხმა იყო საჭირო.

თავად ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთი არ დაუტოვებია და თანამოაზრეებთან ერთად მის მშობლიურ სოფელ ტამიშში რჩება.

ცნობისთვის: ბჟანიამ გადადგომის შესახებ განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებთან მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა. მას დღეს დე-ფაქტო პარლამენტი განიხილავს.

"სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ" - ნათქვამია ბჟანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბჟანია თანამდებობას ტოვებს, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები კი - 15 ნოემბერს დაკავებულ ე.წ. "სამთავრობო" შენობათა კომპლექსს და იშლებიან. "თუ ოპოზიცია შეთანხმების ამ პუნქტს დაარღვევს, ვიტოვებ უფლებას, გადადგომის გადაწყვეტილება გავიწვიო" - ნათქვამი იყო ბჟანიას განცხადებაში.

შეგახსენებთ: ოპოზიცია "სამთავრობო" კომპლექსში 15 ნოემბერს - იმ დღეს შეიჭრა, როცა დე-ფაქტო პარლამენტს რუსეთის მიერ ინიცირებული ე.წ. "საინვესტიციო საქმიანობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოეხდინა. "დეპუტატთა" ნაწილი პროტესტს შეუერთდა და სხდომა ჩაიშალა.

"პრეზიდენტის" მოვალეობას, შეთანხმებისამებრ, დროებით "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა შეასრულებს, ხოლო "პრემიერისას" - დე-ფაქტო პარლამენტის ექს-სპიკერი ვალერი ბგანბა, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები