20-11-2024 13:13:27 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის 15-16 თებერვალს შეიძლება, გაიმართოს, - განაცხადეს აფხაზურ "ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში".
დე-ფაქტო კონსტიტუციის თანახმად, ვადამდელი არჩევნები "პრეზიდენტის" გადადგომის დღიდან სამი თვის ვადაში იმართება. ასლან ბჟანია 19 ნოემბერს გადადგა და შესაბამისად, "არჩევნების" ჩატარების ბოლო ვადა 19 თებერვალია, ხოლო რაკი ოკუპირებულ რეგიონში არჩევნები, როგორც წესი, დასვენების დღეებში ტარდება, ამჯერად ეს 15 ან 16 თებერვალი შეიძლება, იყოს, - განმარტავენ კომისიაში.
როგორც დე-ფაქტო ცესკოს თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა აღნიშნა, არჩევნებისთვის მზადება "პარლამენტის" მიერ თარიღის დანიშნვისთანავე დაიწყება, არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე კი ცესკო კანდიდატების წარმდგენი საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციას შეუდგება.
ცნობისთვის: გადამდგარმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ვადამდელ "არჩევნებში" მონაწილეობას გეგმავს. ოპოზიცია კი, წინასწარი ინფორმაციით, კანდიდატად ადგურ არძინბას წარადგენს. თუმცა არაა გამორიცხული, კანდიდატად ოპოზიციონერი კან ქვარჩიაც მოგვევლინოს. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა "რუსეთის ფედერაციაში აფხზეთის რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენლობის" ხელმძღვანელმა ოლეგ ბარციცმაც.