საკონსტიტუციომ არჩევნების შედეგებზე პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

20-11-2024 16:16:09 პოლიტიკა ,საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთნ დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დღეს, 20 ნოემბერს დაარეგისტრირა.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემბერს შეიტანა.

როგორც ბეესელიამ აღნიშნა, სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის - ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევას ეფუძნება.

"ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რაც არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე. ამასთან, დარღვეული იყო უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის ხმის ფარულობის დაცვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში:

"ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი.

სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.

ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება.

დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას.

როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას.

ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები