მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

20-11-2024 17:14:17 სამართალი

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, 18 ნოემბერს მარნეულში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები