მამუკა მდინარაძე – არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს

21-11-2024 14:16:51 პოლიტიკა

ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სარჩელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ საკუთარი ვარაუდი იმით განამტკიცა, რომ საკონსტიტუციო სარჩელს "საფუძველი არ აქვს".

„თეორიულადაც არ შეიძლება ამის დაშვება - წინასწარ ვიცი ზუსტად, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს - ზუსტად ვიცი და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება, სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ. მხოლოდ ხელისუფლებას ზეწოლა შეეძლო „ნაცების“ დროს და ახლა ხელისუფლებას არაფერიც არ შეუძლია, არანაირ ზეწოლაზე არ მიდის ის არასდროს და ასეთი მორალიც რომ არ არსებობს არსებულ ხელისუფლებაში, მყარი გარანტიებია მოსამართლის თავისუფლების. და დიახ, თუ ობიექტურად გადაწყვეტენ, დარწმუნებული ვარ, იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაში იმდენად სულელური სარჩელია შეტანილი, რომ ვერ დააკმაყოფილებს ვერანაირად, მაგრამ თუ სუბიექტური გადაწყვეტილებაა, არც ზუსტად ვიცი და არც ის ვიცი, რას ჩაწერს ვიღაცა, მოსამართლე იქნება თუ სხვა", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი დარეგისტრირდა. ის ამ დრომდე წარმოებაში მიღებული არ არის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები