Accentnews.ge
ადგურ არძინბა "აფხაზეთში ქართული ოლიგარქატის შეღწევის საფრთხეზე" ალაპარაკდა

ადგურ არძინბა "აფხაზეთში ქართული ოლიგარქატის შეღწევის საფრთხეზე" ალაპარაკდა

21/11/2024 11:20:46 კონფლიქტები

აფხაზური ოპოზიციის სავარაუდო "საპრეზიდენტო" კანდიდატი ადგურ არძინბა "აფხაზეთში რუსული პასპორტების მქონე ქართული ოლიგარქატის შეღწევის საფრთხეზე" ალაპარაკდა. ამის შესახებ მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და სწორედ ამას დაუკავშირა საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები ე.წ. საინვესტიციო საქმიანობის შესახებ რუსეთის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას აპროტესტებდნენ.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბ-ნ ბჟანიას [19 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე გადამდგარ დე-ფაქტო ლიდერს - რედ.] ჩვენს რესპუბლიკაში გარკვეული ქართველი დეპუტატები ჩამოჰყავდა და ჩვენი მონაცემებით, აქტიურად კონტაქტობდა რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სრულად ვაცნობიერებთ აფხაზეთში რუსული პასპორტების მქონე ქართული ოლიგარქატის შემოღწევის საფრთხეს. აქ უპრიანი იქნება, ისიც გავიხსენოთ, რომ ბ-ნ ბჟანას არანაირი კავშირი არ ჰქონია საქართველოსთან 1990-იანი წლების ომის დროს აფხაზი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლასთან - იგი აფხაზურ პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ 2010 წელს, რუსეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გამოჩნდა" - განაცხადა არძინბამ, რომელიც როგორც ნოემბრის საპროტესტო აქციებზე, ისე ამ ინტერვიუს მსვლელობისას მუდმივად ცდილობდა აფხაზეთისთვის რუსეთის როლის, მოსკოვთან "სტრატეგიული ურთიერთობების გადამწყვეტი მნიშვნელობის" ხაზგასმას.

რაც შეეხება "შერიგებისკენ სიგნალებს", რომელმაც წინასაარჩევნოდ საქართველოს მმართველი მარტია "ქართული ოცნების" ლიდერშიფის მხრიდან გაიჟღერა, როგორც აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, "სიგნალები კარგია და მხოლოდ მისასალმებელი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია":

"კარგად გვახსოვს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასევე გვესაუბრებოდა შერიგებაზე სულ რამდენიმე თვით ადრე მანამ, სანამ სახმრეთ ოსეთის კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარების მცდელობას განახორციელებდა. ახლა უკვე საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" იმყოფება, თუმცა ჩვენი ურთერთობების ფუნდამენტური დარეგულირებისთვის არანაირი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. იქ კვლავინდებურად აქვთ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის აფხაზეთისთვის უცხოური ინვესტიციების კუთხით, საგარეო ეკონომიკური კავშრებისა და ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. შეუძლიათ, მაგალითად, ამ კანონის გაუქმებით დაიწყონ".

რაც შეეხება "ოცნების" ხელისუფლების პირობებში თბილისსა და მოსკოვს შორის ბოოდროინდე დაახლოებას და ამ პირობებში აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, როგორც არძინბამ აღნიშნა, "მართალია, "ოცნების" ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია და ამ კუთხით ნამდვილად იყოჩაღა, თუმცა უახლესი ისტორია მოწმობს, რომ მის ხელმძღვანელობას საკმაოდ კარდინალური პოლიტიკური მანევრების განხორციელება შეუძლია":

"შეგახსენებთ, რომ თბილისის ოფიციალური, მათ შორის კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავინდებურად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ჩვენ, ჩვენი ხალხები, საქართველო და აფხაზეთი ასობით წელია, ვმეზობლობთ და მერწმუნეთ, კარგად ვიცით, რაზეც ვსაუბრობთ. ამასთან, ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, შესაბამისად, შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს ამ მარტივ ნაბიჯით - ისტორიული და ფაქტობრივი რეალობის აღიარებით!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S