21-11-2024 17:25:50 კონფლიქტები
აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ დე-ფაქტო პარლამენტს, რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება განიხილოს და "ამ საკითხს საბოლოოდ დაუსვას წერტილი".
ცნობისთვის: "პარლამენტს" შეთანხმების რატიფიცირებაზე 15 ნოემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატთა" ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეთა მხარეს გადავიდა, სხდომა ჩაიშალა, 19 ნოემბერს კი, რამდენიმედღიანი პროტესტისა და ოპოზიციასთან მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა.
"საინვესტიციო შეთანხმების საკითხში საბოლოოდ უნდა დაისვას წერტილი. ეს შეთანხმება არ შეესაბამება აფხაზი ხალხის ინტერესებს, აფხაზური სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებს, ამდენად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეჩერდეს. დეპუტატები ამ საკითხს უახლოეს სხდომაზე უნდა დაუბრუნდნენ და დასვან ეს წერტილი. დროა, ვისწავლოთ მკაფიო "არას" თქმა ყველა ამ ანტისახალხო ინიციატივისათვის! ეს სწორი სიგნალი იქნება მათთვის, ვინც სამომავლოდ ეცდება, მსგავსი ინიციატივები გაათრიოს" - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და მომავალი დე-ფაქტო პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატმა ადგურ არძინბამ.
თავის მხრივ, ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია "არუაას" ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ გულიამ დაამატა, რომ რუსეთთან ამ შეთანხმებამ "კინაღამ გამოიწვია სამოქალაქო ომი".
"მადლობა ღმერთს, სისხლი არ დაღვრილა. აფხაზმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია სახელმწიფოს მშენებლობის იდეის ირგვლივ გაერთიანება" - დასძინა მან.