პროკურატურა: "პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა"

22-11-2024 11:02:23 სამართალი

საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ "თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე მათე დევიძეს ბრალდება წარუდგინა".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 წლის მათე დევიძე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

"მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზეა. მოტყუებით გაიყვანეს, უთხრეს გიშვებთო და იქვე გამომძიებლები დახვდნენ. 10 წუთიანი პროცედურაა აგიყვანთ და მალე ჩამოგიყვანთო, უთხრეს. მისთვის უფლებები არ განუმარტავთ.

ჯოხის ქნევის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო", - ამბობს მისი ადვოკატი ბექა კვინიკაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები