"ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იარსებებს"

14-02-2020 10:32:25 საგარეო პოლიტიკა

"ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იარსებებს", –ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კომსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა.

"დისკუსია იმაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალ სხდომაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენება. სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც ამ მომენტით, პოტენციურით ან არარეალიზებულით, ემსახურებიან მხოლოდ თავის ვიწრო მზაკვრულ ინტერესებს“, – განაცხადა ზახაროვამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მაისში თბილისს ეწვევა. თუმცა ვინ გამოემგზავრება საქართველოში რუსეთის მხრიდან და იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - ჯერ უცნობია.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში 14-15 მაისს უნდა ჩატარდეს.

ცნობისთვის: 12 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი კობრინეცმა განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოს მხრიდან მაისში თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „პროვოკაციებს“ არ გამორიცხავს.

„როგორც იცით, საქართველოში მოქმედებს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი, რომლის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება და ისჯება ფულადი ჯარიმით ან 4 წლამდე საპატიმრო ვადით. საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გამოდის მოწოდებებით ამ კანონის ევროპის საბჭოს ღონისძიებებთან მიმართებაში გამოყენების შესახებ. დაე, ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით თავად თბილისში გაერკვნენ, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას – საქართველოს აკისრია ვალდებულება, ჯერ ერთი, უზრუნველყოს მონაწილეთა ქვეყანაში დაუბრკოლებელი შესვლა და მუშაობის კომფორტული პირობები და მეორე – რაც ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ყველა დელეგაციის უსაფრთხოება უზრუნველყოს. რამდენად მზად არიან ჩვენი ქართველი პარტნიორები ამ ვალდებულებების შესასრულებლად – გარანტიები არ გვაქვს. შესაძლოა, თბილისში გადაწყვეტენ, რომ უპრიანი იქნებოდა მინისტერიალის ჩატარება სტრასბურგში. ეს ვარიანტი არ გამოირიცხება“, – განაცხადა გუშინ კობრინეცმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეხვედრაში მინისტრ ლავროვის მონაწილეობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის:

„მაისის სესიაზე თავმჯდომარეობა საქართველოსგან საბერძნეთს გადაეცემა. ჩვენი მონაწილეობის დონე მაინდამაინც საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის, ეს დონე შესაძლოა, უფრო დაბალიც იყოს. მსგავსი რამ შესაძლებელია და აპრობირებულიც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წონადია შეხვედრის დღის წესრიგი, რა შედეგები აქვს თავმჯდომარეობას. ვინ უხელმძღვანელებს რუსულ დელეგაციას – ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი გამონაკლისს დაუშვებს "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისათვის და ისინი მაისში თბილისში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას შეძლებენ. თუმცა მეორე დღეს განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმით, „რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული“. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია ლავროვის დილემის გამო მაისისთვის დაგეგმილი სხდომის თბილისიდან სტრასბურგში შესაძლო გადატანის თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები