აბაშიძე – ზახაროვას: „დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მის კანონმდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს“

14-02-2020 14:25:16 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვას პასუხობს და აცხადებს, რომ "დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მის კანონმდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს".

"დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას. ზოგადად ვფიქრობ, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ საჭირო არ არის. ამ განცხადებაზე უფრო სიღრმისეულად შესვლა, არაფერს გვარგებს. ჩვენ ფორუმი კარგად მოვამზადოთ და რაც მთავარია, დავიცვათ ეს ბალანსი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით“ ,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთანავე, მისი თქმით, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანა ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის წესდება ითვალისწინებს:

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მაისში გაიმართება თბილისში. ჩვენი საგარეო უწყება ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს, მუდმივად კავშირშია ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან და ვფიქრობ, რომ მაისამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი და ყველა საკითხი მოგვარდება. საქართველო წელს თავმჯდომარე ქვეყანაა ევროპის საბჭოში. ეს დიდი პატივიცაა და დიდი ვალდებულებაც. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაწესებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით“.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მაისში თბილისს ეწვევა. თუმცა ვინ გამოემგზავრება საქართველოში რუსეთის მხრიდან და იქნება თუ არა დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - ჯერ უცნობია.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში 14-15 მაისს უნდა ჩატარდეს.

ცნობისთვის: 12 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი კობრინეცმა განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოს მხრიდან მაისში თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „პროვოკაციებს“ არ გამორიცხავს.

„როგორც იცით, საქართველოში მოქმედებს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი, რომლის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება და ისჯება ფულადი ჯარიმით ან 4 წლამდე საპატიმრო ვადით. საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გამოდის მოწოდებებით ამ კანონის ევროპის საბჭოს ღონისძიებებთან მიმართებაში გამოყენების შესახებ. დაე, ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით თავად თბილისში გაერკვნენ, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას – საქართველოს აკისრია ვალდებულება, ჯერ ერთი, უზრუნველყოს მონაწილეთა ქვეყანაში დაუბრკოლებელი შესვლა და მუშაობის კომფორტული პირობები და მეორე – რაც ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ყველა დელეგაციის უსაფრთხოება უზრუნველყოს. რამდენად მზად არიან ჩვენი ქართველი პარტნიორები ამ ვალდებულებების შესასრულებლად – გარანტიები არ გვაქვს. შესაძლოა, თბილისში გადაწყვეტენ, რომ უპრიანი იქნებოდა მინისტერიალის ჩატარება სტრასბურგში. ეს ვარიანტი არ გამოირიცხება“, – განაცხადა გუშინ კობრინეცმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეხვედრაში მინისტრ ლავროვის მონაწილეობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის:

„მაისის სესიაზე თავმჯდომარეობა საქართველოსგან საბერძნეთს გადაეცემა. ჩვენი მონაწილეობის დონე მაინდამაინც საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის, ეს დონე შესაძლოა, უფრო დაბალიც იყოს. მსგავსი რამ შესაძლებელია და აპრობირებულიც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წონადია შეხვედრის დღის წესრიგი, რა შედეგები აქვს თავმჯდომარეობას. ვინ უხელმძღვანელებს რუსულ დელეგაციას – ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი გამონაკლისს დაუშვებს "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისათვის და ისინი მაისში თბილისში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას შეძლებენ. თუმცა მეორე დღეს განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმით, „რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული“. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია ლავროვის დილემის გამო მაისისთვის დაგეგმილი სხდომის თბილისიდან სტრასბურგში შესაძლო გადატანის თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები