
ვახტანგ გომელაური: შსს აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს
26/11/2024 10:17:29 სამართალი
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
„სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიული ტექნიკური საშუალებების განახლება და ცალკეული საექსპერტო მიმართულებების აკრედიტაციის სფეროს გაფართოება.