
აზერბაიჯანის ცსკ–მ არჩევნების შედეგების გაუქმება დაიწყო
14/02/2020 11:40:54 მსოფლიო
პირველად ბოლო ათწლეულების ისტორიაში, აზერბაიჯანში უბნების მიხედვით საარჩევნო შედეგების გაუქმება დაიწყეს. ქვეყნის პარლამენტში რიგი მანდატებისთვის კანდიდატები ხელახლა იბრძოლებენ.
საარჩევნო უბნების მიხედვით შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 თებერვალს მიიღო. სადღეისოდ არჩევნების შედეგები 125 ოლქიდან ოთხში უკვე გაუქმებულია და პროცესი გრძელდება.
ცნობისთვის: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს ჩატარდა. ქვეყნის მმართველმა პარტიამ პარლამენტში 65 მანდატი მოიპოვა. ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი კანდიდატების უმრავლესობამ არჩევნების შედეგები ფალსიფიცირებულად ჩათვალა.
10 თებერვალს არაერთმა საერთაშორიო ორგანიზაციამ როგორც კენჭისყრის, ისე ხმათა დათვლის პროცესში უხეშ დარღვევებზე მიუთითა. ხელისუფლება ამას ჯერ უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით „რიგი პროცედურული დარღვევები" აღიარა და განაცხადა, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდებოდა.
11 თებერვალს დამოუკიდებელ კანდიდატთა ჯგუფმა ცსკ–ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა და არჩვენების შედეგის გაუქმება მოითხოვა. ძალოვანებმა აქცია ხისტი ძალის გამოყენებით დაშალეს.
16 თებერვალს ოპოზიციური პარტიები „რესპუბლიკური ალტერნატივა“ და „მუსავათი“ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა წამოიწყეს კამპანია ჰეშთეგით „გააუქმე“. ისინი არჩვენების შედეგების სრულად გაუქმებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ დამაჯერებელი გამარჯვება მყისიერად მიულოცა.