27-11-2024 14:03:53 საზოგადოება
"გვინდა გამოვეხმაუროთ უკანონო და არალეგიტიმური გზით ხელისფლების მიმტაცებელ პარტია “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მცდელობას. ჩვენ, სტუდენტები, პირველ რიგში, სხვა მრავალ ღირებულებასთან ერთად, ვიბრძვით განათლებისთვის, რომელიც ამ სისტემის პირობებში თავდასხმის ობიქტია და რომლის მიღების ოფიციალური დოკუმენტიც ბატონ ყაველაშვილს არ გააჩნია. მიგვაჩნია, რომ როგორც თვითაღიარებული პარლამენტი, ასევე ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატურა როგორც სტუდენტების, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცინვა და შეურაცხყოფაა.მიხეილ ყაველაშვილი შეუფერებელია აღნიშნული პოზიციისთვის და ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, ეჭვქვეშ აყენებს განათლების მნიშვნელობას ამ სისტემის პირობებში და პირდაპირ აუფასურებს განათლების ცნებას.არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც მისი შედეგი და ამ გზით დანიშნული პრეზიდენტიც -არალეგიტიმურია", – ასე ეხმიანება "ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა" „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. საჯარო წყაროების მიხედვით, „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს.
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.