დაავადებათა კონტროლის ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

14-02-2020 16:41:20 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილება უკვე შესრულებული სამუშაოები და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში ახალი ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ უნდა გადაიდგას.

"დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი გახლავთ ე.წ სიმულაციური სავარჯიშოს გათამაშება. ანუ, თუ ქვეყანაში კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელი უწყება რას აკეთებს და როგორია ამ შემთხვევაში მათი კოორდინაცია. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ჩვენ კოორდინირებულად და სინქრონულად ვიმოქმედოთ, საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად და იმისათვის, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაში იყოს კორონავირუსის პრევენციისათვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა 1486-მდე გაიზარდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 64,000 ადამიანია ინფიცირებული.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის გარდა, "COVID-19" მსოფლიოს 25–ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.

იხილეთ ასევე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები