
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ
02/12/2024 18:45:36 საზოგადოება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ.
"სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას (21:15-22:00) და როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა", – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2 დეკემბერს – საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე დაიწყო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლა.
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ დღეს პოლიციამ გადაწყვიტა "თავიდანვე დაეწყო ღონისძიება და გამოეყენებინა პროპორციული ძალა, რადგან თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია".
არაერთი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა გამოყენეს ე.წ. გაზის კაფსულები. არიან დაშავებულები.
დაშლამდე შსს–მ დემონსტრანტები გააფრთხილა.