
აქციებზე სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდეს
03/12/2024 19:15:27 სამართალი, საზოგადოება
თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ხუთი პირიდან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენი ორის საქმე ჯერ არ განხილულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ატარებს: 187-ე (ნივთის დაზიანება) და 353-ე პრიმა (პოლიციელზე თავდასხმა) მუხლებით. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ: 21 წლის ახალგაზრდას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან; 17 წლის მოზარდს 29 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან; 27 წლის კაცს პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებული 112-ის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებისა და კვების ბლოკისთვის ცეცხლის გაჩენას.
3 დეკემბრის მონაცემებით ცნობილი იყო ადმინისტრაციული წესით 293 პირის დაკავების შესახებ. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. დღის ბოლოს სისხლის სამართლის მუხლით კიდევ ერთი დემონსტრანტის - 1999 წელს დაბადებული პირის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.