უფლებადამცველი: ჩვენთვისაც კი შოკისმომგვრელია, რასაც იზოლატორებში და საავადმყოფოებში ვხედავთ

04-12-2024 11:59:33 საზოგადოება ,კომენტარი

ეს უტოლდება წამებას, ეს ვერ იქნება უფლებამოსილების გადამეტება, ვინაიდან ამას აქვს სისტემური ხასიათი და აქვს მიზანი - დაშინების, დამცირების. ნაცემებს უღებენ ვიდეოებს და ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებენ. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც პოლიციელმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, რაზეც არის გამოძიება დაწყებული,- ხაზგასმით აღნიშნავს საპოლიციო ძალების მხრიდან პროევროპული აქციების მონაწილეთა მიმართ დამოკიდებულების შეფასებისას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი თამარ ზარქუა.

ის ამბობს, რომ პოლიცია იყენებს არაპროპორციულ ძალებს და ადგილი აქვს დემონსტრაციების არა სტანდარტულ დაშლას, არამედ დევნას:

"ბავშვებს დასდევენ კორპუსებში, აკავებენ... ეს ქმედებები გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს. ეს ქმედებები უტოლდება ძალადობას, წამებას! ქსელის ადვოკატები ვმუშაობთ აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ პირებთან. 360-მდე ადამიანმა მოგვმართა დახმარებისთვის. ჩვენთვისაც კი, უფლებადამცველებისთვის, რომლებიც წლებია ვმუშაობთ, სრული შოკია, რასაც ვხედავთ:

  • იზოლატორებში მისულებს 10-დან 9 ადამიანი უმოწყალოდ ნაცემი გვხვდება;
  • როდესაც სხვადასხვა კლინიკებში მივდივართ, ადამიანები გვხვდებიან უმძიმესი დაზიანებებით;
  • დაკავებები ხდებოდა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე - სხვადასხვა სამარშრუტო ტაქსებში ყრიდნენ, ცემდნენ, აშიშვლებდნენ ადამიანებს და ამ ყველაფერს იღებდნენ!
  • საქმე გვაქვს მოროდიორობასთან - 360 ადამიანიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს თან მობილური ტელეფონი ან სხვა პირადი ნივთები: საფულეები, ტელეფონები, სახლის და ავტომობილის გასაღებები, ქურთუკები, ფეხსაცმელიც კი წაართვეს.

ამ ადამიანებს სცემს რამდენიმე დაჯგუფება, ატარებენ კორიდორებს, სადაც ურტყამენ და უკვე უმოწყალოდ ნაცემები, ვინც ძალიან ცუდად ხდება, მიჰყავთ საავადმყოფოში. სხვათა შორის, ეუბნებიან ხოლმე [ერთმანეთს], "არ შემოგაკვდესო". მათი ერთადერთი შემაკავებელია, არ ჩააკვდეთ ხელში ეს ადამიანები, სხვა მხრივ არავის ინდობენ".

იურისტი ამბობს, რომ დაკავებული ადამიანების უმეტესობა დაკავების მომენტში მოვლენების ეპიცენტრში არც იმყოფებოდა:

"ვისაც სად დაეწევიან, იქ იჭერენ. ხოლო შემდეგ ადგენენ სტანდარტულ ოქმებს - სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციის არდამორჩილება. იგივე გრძელდება სასამართლოში. ერთ-ერთ პროცესზე მოიტანეს აბსოლუტურად სხვა დღის კადრები...რაც მთავარია, მოსამართლე იღებს ამ კადრებს, ამაგრებს საქმეზე და შესაბამისი გადაწყვეტილებებიცაა".

მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან მოყოფებული, სადაც დემონსტრანტებზე ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა და ამჟამადაც, არსებობს უამრავი დაზარალებული, თუმცა არც ერთი პასუხისგებაში მიცემული სამართალდამცველი.

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა დემონსტრანტების დევნის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.

"მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს",- აცხადებს სახალხო დამცველი.

ჯამში 300-მდე ადამიანია დაკავებული - 5 სისხლის სამართლის მუხლით, 293 ადმინისტრაციულით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები