Accentnews.ge
სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

05/12/2024 12:06:40 სამართალი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ფორმულას” დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

  • "ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის არარსებობის გამო".
  • ამასთან, სასამართლოს ინფორმაციით, "კეზერაშვილთან დაკავშირებით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ განმცხადებლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმების გამო".

სასამართლოს პრეს–რელიზის თანახმად, "სასამართლომ მიიჩნია, რომ არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მოსამართლე შ.თ.-მ აჩვენა პირადი მიკერძოება შესაბამის სამართალწარმოებაში. თუმცა, რაც შეეხება ობიექტურ მიუკერძოებლობას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო „გენერალური პროკურატურის იერარქიული სტრუქტურა საქართველოში, გენერალური პროკურორის მნიშვნელოვანი როლი და ფართო უფლებამოსილებები შესაბამისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით და პოლიტიკურად მგრძნობიარე კონტექსტის აქტუალობა გახმაურებულ სასამართლო პროცესებში“.

გადაწყვეტილებას გამოეხმურა იუსტიციის სამინისტრო და აღნიშნა, რომ "სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია".

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი შეცვალა და 2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კეზერაშვილს ბრალი ედებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვაში. უზენაეს სასამართლოში სხვა მოსამართლეებთან ერთად კეზერაშვილის საქმე მოსამართლე შალვა თადუმაძემ განიხილა. როდესაც საქმე პირველ და მეორე ინსტანციებში იხილებოდა, თადუმაძე მაშინ მთავარი პროკურორი იყო. კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეს პროკურატურა აწარმოებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S