
აშშ–ის საელჩო მორიგ "ქარდს" აქვეყნებს: "ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა"
05/12/2024 12:40:05 პოლიტიკა
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო მორიგ "ქარდს" აქვეყნებს.
"ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა", – წერს საელჩო.
ცნობისთვის: ზედიზედ, მე–4 დღეა, აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ორ და სამსიტყვიანი გზავნილებით ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.
2 დეკემბერს საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ე.წ. ქარდი გზავნილით: „ყველაფერი გასაგებია“.
ამ გზავნილს კი 3 დეკემბერს მოჰყვა კიდევ ერთი მიმართვა: „ნუ აბრალებთ სხვას“. „ყველაფერი გასაგებია. ლიდერობა ღირსებით?“, – ასე გამოეხმაურა 4 დეკემბერს საელჩო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“.
4 დეკემბერს პრემიერი–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ–ის საელჩო "ქარდების" გამოქვეყნების გამო ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.
თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.